დილიდან ხალხმრავლობაა ბათუმში ცხრა აპრილის მემორიალთან. მოქალაქეები, ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები ყვავილებით ამკობენ მემორიალს და ცხრა აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ.
პარალელურად მოქალაქეები აქციას მართავენ - „თავისუფლების მოედნის’’ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სოლიდარობას უცხადებენ პოლიტპატიმრებს და იცავენ მემორიალს, სადაც დაუშვებელია რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლა. მათი განცხადებით, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დღეს დილით მემორიალის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ, თუმცა უკან გაბრუნდნენ.
მემორიალთან იმყოფებოდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაიცვას ცხრა აპრილის მთავარი მონაპოვარი - დამოუკიდებლობა, რომელიც მათი თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში არის საფრთხეში. მემორიალი ასევე შეამკეს სტუდენტებმა და მოსწავლეებმა.
9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელმა.