საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად გადაიხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 9 აპრილი, ერთის მხრივ, არის უდიდესი ტრაგედიის დღე, თუმცა, ამასთანავე, ეს არის დღე, რომელმაც ქვეყანას, ქართველ ხალხს გაერთიანება და დამოუკიდებლობა მოუტანა.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 9 აპრილის გმირების ხსოვნას, პატივს მივაგებთ მათ გმირობას. 9 აპრილის ტრაგედიიდან ზუსტად ორ წელიწადში საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. მე მახსოვს ის დღეები, კვირები, თვეები, ის რამდენიმე წელი, როდესაც შეიცვალა დამოკიდებულება საზოგადოებაში და სიძულვილს სძლია სიყვარულმა. შესაბამისად, ეს ყველაფერი შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, რომელიც მოვიპოვეთ სწორედ ჩვენი გმირების ბრძოლის საფუძველზე. ეს ყველაფერი შეგვახსენებს ასევე იმას, რომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის მიმართ ურთიერთობას და სიყვარულს“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დაახლოებით 35 წლის წინ, საბჭოთა „კაგებე“ ცდილობდა ხელოვნურად ქართული საზოგადოების გახლეჩას და დღეს უკვე ამას ცდილობენ სხვა გარე ძალები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებითაც თავს დროზე საბჭოთა „კაგებე“ მოქმედებდა.
„ყველაზე სამწუხარო და დასანანი ის არის, რომ „დიფ სთეითი“ მოქმედებს ევროკავშირის და აშშ-ის გამოყენებით, მანამდე მოქმედებდა ოფიციალური სტრუქტურების გამოყენებით. ამ ეტაპზე აშშ-ში ვითარება შეცვლილია, მაგრამ ბრიუსელის ბიუროკრატია დღემდე გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი. დღევანდელი დავალებაც, რომელიც მიიღო უცხოურმა აგენტურამ, ემსახურება სწორედ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას. არიან ადამიანები, რომლებიც ყველა თარიღს იყენებენ სიძულვილის დასათესად, საზოგადოების გასახლეჩად. ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა და დღევანდელ დღეს მათ სცადეს, 9 აპრილი, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღე გამოეყენებინათ კიდევ ერთხელ საზოგადოების გასახლეჩად. რა თქმა უნდა, ზუსტად ისე, როგორც დამარცხდა თავის დროზე 34 წლის წინ, საბჭოთა „კაგებე“, როცა ჩვენ გამოვაცხადეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, ზუსტად ასევე, ამ გარე ძალებზე გაიმარჯვებს საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეა. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, აუცილებლად გაგვაერთიანებს სიყვარული და განვაგრძობთ ბრძოლას, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა 9 აპრილის გმირების წინაშე – ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის. ჩვენი საერთო ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ასევე ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ეს არის პასუხისმგებლობა გმირთა სულების წინაშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.