9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ტრაგიკული და, ამავე დროს, საამაყო თარიღია, ეს გახლავთ თავისუფლების გამარჯვების დღე, როდესაც ათობით ათასი ქართველი გაერთიანდა ყველაზე ძვირფასის, ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ამ დღის მნიშვნელობა განუზომელია, 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლა შეუქცევადი გახადა.
„9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო თარიღია, ეს გახლავთ თავისუფლების გამარჯვების დღე, როდესაც ათობით ათასი ქართველი გაერთიანდა ყველაზე ძვირფასის, ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად. სამ ათწლეულზე მეტი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან, თუმცა თითოეული ჩვენგანი ყოველთვის უდიდესი გულისტკივილითა და, ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ ამ დღეს.
ამ დღის მნიშვნელობა განუზომელია – 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლა შეუქცევადი გახადა. უსაზღვროდ მადლიერი ვართ მათი, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობას. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ მათ ხსოვნას. ამ ადამიანების გმირობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დარჩება, როგორც თავდადების საამაყო მაგალითი მომავალი თაობებისთვის.
თითოეული ჩვენგანის ვალია, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების სისხლის ფასად მოპოვებულ საქართველოს თავისუფლებას და განუხრელად გავაგრძელოთ სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე სვლა. დიდება გმირებს, მადლობა თავისუფლებისთვის!“, - წერს ყაველაშვილი.