მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთში „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

09 აპრილი 2025, 10:21 211 ნახვა

9-10 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვიზიტით ეწვევა საბერძნეთის რესპუბლიკას, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები და ექსპერტები გლობალურ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

„დელფოსის ეკონომიკურ ფორუმს“ გახსნის საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კონსტანტინოს ტასულასი. ღონისძიებას მაღალი დონის სტუმრებთან ერთად დაესწრება ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ფორუმის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა სამუშაო სესიაზე შავი ზღვის გაზრდილი რეგიონული და გლობალური როლის შესახებ, ასევე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, სადაც განიხილავენ საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროკავშირის გაფართოების და დაკავშირებადობის იდეის განხორციელების პროცესში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ღონისძიების მონაწილეებთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში