გადაურეკეს ზემდგომებს, ერთ-ერთი მთავარი იყო ადეიშვილი, ოქრუაშვილი, მიიღეს ბრძანება, რომ ბოლომდე მიიყვანეთ ყველაფერი, პატრულის იმიჯი არ უნდა შეილახოს - ია მეტრეველი

08 აპრილი 2025, 12:29 303 ნახვა

უნდა გათამაშებულიყო სცენარი, თითქოს ბუტა რობაქიძემ ავტომატიდან ორჯერ გაისროლა, ჩაერთო სცენარისტი დონაძე, ოქრუაშვილისგან და ადეიშვილისგან მიიღეს ბრძანება, ბოლომდე მიეყვანათ ყველაფერი, პატრულის იმიჯი არ უნდა შელახულიყო, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამაში ჩაერთო მთელი სისტემა და დაუპირისპირდა ბავშვებს.

„სააკაშვილის მიერ იყო გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობა, რომ ხელი არ აგიკანკალდეთ, ესროლეთ, რასაც მოჰყვა სწორედ ახალგაზრდების ხოცვა ქუჩებში. 162 ბიჭი დახვრიტეს და მოკლეს ქუჩაში უდანაშაულოდ სწორედ იმიტომ, რომ ყოფილიყო შიში, შიშით ემართათ ქვეყანა. ეს იყო სააკაშვილის მიზანმიმართული მართვის მეთოდი. დაიწყეს ამ შიშით ქვეყნის მართვა. სწორედ ამიტომ, როგორც კი გადაურეკეს ზემდგომებს, ეს იყო ოქრუაშვილი, ერთ-ერთი მთავარი, ადეიშვილი, იქიდან მიიღეს ბრძანება, ბოლომდე მიიყვანეთ ყველაფერი, პატრულის იმიჯი არ უნდა შეილახოსო. ეს იყო მათი ნაბრძანები და ამის შემდეგ უკვე სცენარისტი დონაძე ჩაერთო ამ ყველაფერში. ვაკის პოლიციიდან მოზიდეს უამრავი იარაღი. ამაში უკვე ჩართეს მთელი სისტემა, ამუშავდა და დაუპირისპირდა ამ ბავშვებს. ახლაც კარგად მახსოვს, რომ ერთ-ერთ იარაღს, ავტომატს ეწერა გია, რომელიც ამოიცნო პატრონმა, რომ 15-20 წლის წინ ჩამორთმეული ჰქონდა და მისი იყო. როგორც მახსოვს, შემდეგ ეს პიროვნება მოწმეთაც გამოდგა. ეგრეთ წოდებული ლიმონკები და მთელი არსენალი იყო, რომლებიც დაულაგეს ბავშვებს, ბუტას დაუდეს ავტომატი. ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო მიქაძე, დონაძესთან ერთად. ყველაზე დიდი დანაშაული მათ მიუძღვით, განსაკუთრებით მიქაძეს.

მიქაძე იყო ქალაქის საპატრულოს უფროსი. მიქაძემ უთხრა, რომ უნდა გათამაშებულიყო სცენარი, ვითომ ბუტამ ისროლა, თითქოს ავტომატიდან ბუტამ ორჯერ გაისროლა და ამის შემდეგ მოხდა უკვე გასროლა პატრულის მიერ. ბაქრაძეს, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე ჩვენს საქმეში, მადლობას ვუხდი, რადგან თვითონ აღიარებს – ნამდვილად ვარ დამნაშავე და ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული ლიმონკა მე ჩავუდე ბავშვს, ერთ-ერთ ბიჭსო. სიჩქარეში ვერ ჩაუდეს კარგად და ბავშვი რომ ადგა, ჩამოვარდა. ქამარში თუ სადღაც ჩაუტენა და ჩამოვარდა ქვემოთ. ბაქრაძემ აღიარა აბსოლუტურად ყველაფერი. იქვე უთქვამს, რომ დაამთავრეთ ყველაფერი, რად გინდათ ეს ყველაფერი, გაუვარდა, მოხდა ეს, დაიჭირეთ ბაშალეიშვილი და დავამთავროთ ყველაფერიო. რას ლაპარაკობ, ბრძანებაა ზემოდან მოსული, რომ პატრულის იმიჯი არ უნდა შეილახოს, ყველაფერი ამ ბავშვებს უნდა დაბრალდესო“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში