სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 7 აპრილს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 3 პირი მოინახულეს. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათი განცხადებით, ორმა მათგანმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა.
"სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. აპარატი სხვა უფლებადარღვევებთან დაკავშირებითაც მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.
უფლებადარღვევის ფაქტების შესახებ არსებული ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ნომერზე - 1481",-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სოციალურ ქსელში გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება მოჰყვა, რის საპასუხოდაც შსს-მ განცხადება გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, დაკავებისას აქციის მონაწილის დაზიანების შესახებ სიცრუეა.
ტექსტის თანახმად რუსთაველის გამზირზე მოქალაქეს მიუსაფარმა ძაღლმა უკბინა, რასაც ფეხიდან ძლიერი სისხლდენა მოჰყვა. მოქალაქე კი, კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. რუსთაველის გამზირზე დღეს მორიგი აქციაა დაგეგმილი, რომელიც 9 აპრილის მემორიალთან ღამისთევით უნდა გაგრძელდეს.