საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელგიის სამეფოს წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ პიტერ დე რუვერს და სენატის პრეზიდენტ ვინსენტ ბლონდელს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის მეგობრულ კავშირებზე, რომლების საერთო ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, გაგრძელდება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და საქართველოს შემდგომი დაახლოება ევროკავშირთან, რაშიც ბელგიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ბელგიელ კოლეგებს შალვა პაპუაშვილმა, აგრეთვე, მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, არჩევნების შემდგომ პოლიტიკურ გარემოზე და საპარლამენტო დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე.
ბელგიურმა მხარემ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლისადმი მხარდაჭერა.
შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.