შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მონაწილეეებს სიტყვით მიმართა

06 აპრილი 2025, 17:09 157 ნახვა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეაში, რომელიც უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში იმართება, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

„წლევანდელი გენერალური დებატების თემაზე: „საპარლამენტო საქმიანობა სოციალური განვითარებისა და სამართლიანობისთვის“, შალვა პაპუაშვილმა ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „პარლამენტს მნიშვნელოვანი როლი აქვს სამართლიანი, ინკლუზიური და პროგრესული საზოგადოებების ჩამოყალიბებაში.“

მან აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული მრავალი გამოწვევის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე კონცენტრირების შესაძლებლობებს ქმნიდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდა როგორც სიღარიბის შემცირებისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის, ისე ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონული მშვიდობის მიღწევის ინსტრუმენტია“.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა სოციალური განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლებიც მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაზეა მიმართული. მან განაცხადა, რომ „ოჯახს საზოგადოებაში წამყვანი ადგილი უჭირავს და ამიტომ ოჯახების მხარდაჭერა სოციალური განვითარების დღის წესრიგში ცენტრალურ ადგილს იკავებს“.

ამ კუთხით, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შექმნას, ასევე, ოჯახების მხარდამჭერ სოციალური დაცვის პროგრამებს, მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამებს.

მან, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა თანასწორობის უზრუნველყოფასა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის შექმნაზე, მათ შორის, საქართველოს კანონზე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, ქალებისა და კაცების თანასწორობის კონცეფციაზე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციაზე. ასევე, ისაუბრა მიღებულ კანონებზე, რომლებიც იცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებიც ახალი გლობალური სოციალური შეთანხმების ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. მისი თქმით, ახალი სოციალური შეთანხმება თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს უნდა პასუხობდეს და უნდა მოიცავდეს შემდეგ მნიშვნელოვან მიმართულებებს: ადგილობრივი და გლობალური მშვიდობის ხელშეწყობა; დემოკრატიული მმართველობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა; 

ეკონომიკური ზრდა, რომელიც არა მხოლოდ მშპ-ზე იქნება ფოკუსირებული, არამედ, აგრეთვე, უთანასწორობების შემცირებასა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე; მდგრადი გარემოს უზრუნველყოფა, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა, რაც დაიცავს ქვეყნებსა და პლანეტას; ტექნოლოგიების გამოყენების ეთიკური საკითხების შესწავლა და გათვალისწინება.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო საზოგადოებასთან პარტნიორობის ერთგული და გამოხატა ნაყოფიერ განხილვებში მონაწილეობის მიღების მზაობა, რითაც შესაძლებელი გახდება წვლილის შეტანა სამართლიანი, მდგრადი და წარმატებული გლობალური საზოგადოების შექმნაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში