ჩვენთვის სასამართლო დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი - პრემიერი

04 აპრილი 2025, 14:23 254 ნახვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან საუბარი გვქონდა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოში სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას და, კონკრეტულად, სასამართლოს დამოუკიდებლობას, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და, შესაბამისად, ამ საკითხთან მიმართებაში ხელისუფლება იქნება მაქსიმალურად პრინციპული.

პრემიერმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე, ასევე, საუბარი იყო მოსამართლეების მიმართ დაწესებულ სანქციებზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ყველაფერი არის ტრაგიკული იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აწესებენ სანქციებს.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა უზენაესი სასამართლოს შენობაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ მოსვლა და მოსამართლეებთან შეხვედრა. ჩვენ გვქონდა საუბარი ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოში სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას. ჩვენთვის სასამართლო დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.

ამ კუთხით, იცით, რომ არის კონკრეტული გამოწვევები, მათ შორის, ეს არის გამოხატული იგივე პირდაპირი ჩარევებით, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. გავიხსენეთ, იგივე, მოსამართლე ჩხიკვაძის საქმე, სხვა ჩარევები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში და ასევე შევეხეთ, რა თქმა უნდა, სანქციებს, რომელიც დაწესდა სხვადასხვა ქვეყნის სტრუქტურების მხრიდან ქართველი მოსამართლეების მიმართ. კიდევ ერთხელ შემიძლია აღვნიშნო ის, რომ ეს ყველაფერი არის ტრაგიკული იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აწესებენ სანქციებს. ჯონ ლოკის ქვეყანაში, ინგლისში, დიდ ბრიტანეთში, აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენაა ე.წ. გონივრული ეჭვის საფუძველზე ისეთი სანქციების დაწესება, რომლებიც თავისი არსით უთანაბრდება სისხლის სამართლებრივ აქციებს. წარმოუდგენელი რამ იქნებოდა ასეთი რამ, დაახლოებით, 10-20 წლის წინ, მით უმეტეს, გასულ საუკუნეში კიდევ უფრო მეტად. რა თქმა უნდა, ასეთ მოვლენებს ჩვენ დავუპირისპირდებით იმით, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცებთ სასამართლოს დამოუკიდებლობას. ამას ალტერნატივა არ აქვს. სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და, შესაბამისად, აქ ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, 2012 წლის შემდეგ სახეზეა ფუნდამენტური ცვლილება, რაც სტატისტიკითაც არის მკაფიოდ გამოხატული და დადასტურებული.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ის ვითარება, რაც იყო შექმნილი ჩვენს ქვეყანაში, 2012 წლამდე, ზოგადად, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და უფრო კონკრეტულად, სასამართლოს მიმართულებით. ყველას გახსოვთ, რომ იყო არსებითი, ძალიან მძიმე პოლიტიკური კონტროლი და ზეწოლა სასამართლო სისტემაზე. ძალიან მძიმე პირობებში უწევდათ მაშინ მოსამართლეებს მუშაობა. შედეგიც სახეზე იყო და ეს გამოხატული იყო სტატისტიკით. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ის, თუ რა შედეგს მიაღწია სასამართლო სისტემამ 2012 წლის შემდეგ. გამამართლებელი განაჩენები 0,1% და ნაკლები იყო მაჩვენებელი 2012 წლამდე, რაც იყო საერთო სისტემის შედეგი. დღეისათვის, დაახლოებით 9-10%-ს შეადგენს გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი რაც უკვე შეესატყვისება იმ საერთო პრაქტიკას, რომელიც არის ევროპულ ქვეყნებში დამკვიდრებული. გვაქვს ფუნდამენტური ცვლილება, რაც სტატისტიკითაც არის მკაფიოდ გამოხატული და დადასტურებული.

იგივე, რომ ავიღოთ წინასწარი, ან ადმინისტრაციული პატიმრობა, სამჯერ მაღალი იყო მაჩვენებელი 2012 წლამდე და სამჯერ შემცირდა როგორც წინასწარი, ასევე ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, რაც სისტემურ ცვლილებებზე მეტყველებს სასამართლო ხელისუფლებაში. ასევე, რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობას, ორჯერ არის შემცირებული დაკმაყოფილების მაჩვენებელი. ჯარიმებს რაც შეეხება, ხუთჯერ არის შემცირებული მოცულობა. გირაოს შეფარდების მაჩვენებელი თითქმის ორჯერ არის შემცირებული. ამ ყველაფრის კულმინაცია არის ის, რომ რამდენჯერმე ნაკლები სარჩელი შედის სტრასბურგის სასამართლოში. ვგულისხმობ სარჩელებს, რომლებიც შეიძლება იყოს დაკავშირებული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან მაჩვენებელი არის სამჯერ ნაკლები, რომც გამოვაკლოთ რუსეთთან დაკავშირებული დავები სტატისტიკას. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ზოგადად, სამართლებრივი კულტურა ქვეყანაში იზრდება. წესით, ამ ფონზე უნდა იზრდებოდეს სარჩელების რაოდენობაც, რაც იგზავნება ქვეყნიდან საერთაშორისო სასამართლოში, თუმცა, ამ ფონზეც კი სამჯერ არის შემცირებული ეს მაჩვენებელი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ თვისებრივად და რადიკალურად არის გაუმჯობესებული ვითარება საქართველოში სასამართლო სისტემაში და ეს სისტემა არის არა მხოლოდ უკეთესი იმასთან შედარებით, რაც იყო მანამდე, არამედ, ეს სტატისტიკაც ცხადყოფს იმას, რომ ეს სისტემა დღეს თვისებრივად ჯანსაღად ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, ხარვეზები შეიძლება იყოს ნებისმიერ მართლმსაჯულების სისტემაში, ნებისმიერ ქვეყანაში, ყველაზე განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებშიც, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, მათ შორის, ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით, რომ თვისებრივად ჯანსაღად ფუნქციონირებს საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა, სასამართლო სისტემა არის ჯანსაღი, სამართლიანი და ამაში თითოეული თქვენგანის როლი არის განსაკუთრებული“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი