დღეს შედგა კოორდინაცია, კოორდინაცია, რომელიც გუშინ იქნა გამოცხადებული, თავისი წესებით. ის, რომ ჩვენ უნდა შევაჯეროთ პოზიციები იმ მთავარ გამოწვევებსა და საკითხებზე, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში და გაგაცნოთ ის შეჯერებული პოზიციები, რაც, სხვათაშორის, არ გამორიცხავს, რომ ინდივიდუალურმა პარტიებმა შემდეგ თავიანთი ხედვებიც წარადგინონ სხვანაირად, რაც არ იქნება ერთობლივად შეთანხმებული, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გუშინდელი პროტესტი ყველას აძლევს დიდ იმედს და ადასტურებს, რომ ხელისუფლების რეპრესიულმა პოლიტიკამ ვერ შეძლო და ვერ დაშალა ეს პროტესტი.
„ეს პროტესტი არსებობს საზოგადოებაში და როცა ეძლევა საშუალება, უფრო ძლიერად გამოჩნდეს, გამოჩნდება, მაგრამ არის მუდმივი და ვერაფერი და ვერავინ ვერ აშინებს ამ პროტესტის მონაწილეებს, ვერ აშინებს საზოგადოებას. დღეს მიმდინარეობს კიდევ ერთი შეტევა პოლიტიკურ სპექტრზე, პოლიტიკური დევნა იღებს ახალ ეტაპს და ჩვენც ამაზე ვართ შეთანხმებული, ეს უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი პოზიციების ერთ-ერთი მიმართულება. ვნახავთ, როგორი იქნება დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებების ფორმა, მაგრამ ამითაც პოლიტიკურ სპექტრს ვერ შეაშინებენ. ევროსაბჭოში იქნება 7 აპრილიდან სესია, სადაც საქართველოზე მიღებული იქნება ალბათ ძალიან მკაცრი რეზოლუცია და სწორედ პოლიტიკური პატიმრების საკითხი იქნება პირველ პლანზე, ასევე იქნება ყველა ის ახალი კანონი, რომელიც მიღებულია ამ დღეებში, რომელიც ცდილობს, ერთი მხრივ, „ფარათი“ მთელი არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ჩაახჩოს, მაგრამ ამის მიმართაც მოინახება გზები და ვმუშაობთ, რომ ეს გზები იყოს მონახული.
ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავთვალოთ, ხელისუფლება რადგან იღებს ყოველდღიურად ახალ რეპრესიულ კანონებს, ეს ნიშანია, რომ რამენაირად თვითონ ძლიერდება. არა – პირიქით, ძლიერდება პროტესტი, რადგან უფრო მეტი ხალხი ხვდება, რას აკეთებს ეს ხელისუფლება, რა მიმართულებით მიდის და უფრო მეტი ხალხი უერთდება იმ ჩვენს გზავნილს და გზას, რომელიც ასევე გუშინ გამოვაცხადე და რომელიც ასახავს აქ შემოსული პარტიების ერთიან პოზიციას, რომ ჩვენ მივდივართ არჩევნების გზაზე, ჩვენ მივდივართ მშვიდობიან გზაზე, ჩვენ მივაღწევთ არჩევნებსაც, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც, მაგრამ ჩვენ არ ვირჩევთ სხვა გზებს, რომელიც შეიძლება არსებობს ვიღაცის აზრში, მაგრამ ეს არ არის ჩვენი გაერთიანებული პოზიცია, რადგან ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ ვიყოთ მხნედ, შემართებით და ერთობლივად, ამ ახალ ერთობაში შევეწინააღმდეგოთ, გავუმკლავდეთ ამ რეჟიმის რეპრესიებს და მივაღწიოთ ჩვენს შედეგს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.