საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს. სხდომაზე საკითხს მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა. მიღებული გადაწყვეტილებით, აკრძალვა სოციალურ რეკლამებსაც შეეხება.
კერძოდ, კანონს მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, მაუწყებლის მიერ სოციალურ რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება დაუშვებელი იქნება.
კანონით ასევე იკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღება.
ასევე აკრძალული იქნება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) და პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
კანონპროექტში დაკონკრეტებულია, რომ კანონის მიზნებისთვის „უცხოურ ძალად“ მიიჩნევა – უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის; იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი, მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცი ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.
დღესვე პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ტელე და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები, მოთხოვნები და სტანდარტები შემოდის.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, თვითრეგულირების მექანიზმებთან ერთად, მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილება სახელმწიფო ორგანოს – კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ექნება.
კანონის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირს საჩივრით პირდაპირ კომუნიკაციების კომისიისთვის მიმართვის შესაძლებლობა ეძლევა. დარღვევის დადგენის შემთხვევაში კი, კომისია უფლებამოსილი იქნება, გამოიყენოს მაუწყებელს მიმართ შემდეგი სანქციები – გაფრთხილება, ჯარიმა და გარკვეულ შემთხვევებში, ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება.
კანონით დადგენილი წესები და რეგულაციები მაუწყებელთა ონლაინ და სოციალურ გვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზეც გავრცელდება. მიღებული გადაწყვეტილებით, მაუწყებლის მიერ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების 2025 წლის 1-ელ ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში, მარეგულირებელი კომისიის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულება არ მოხდება.