ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 25.2 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 70.7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მშპ-ს 74.5 პროცენტია. 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი წინა კვარტალთან შედარებით 494.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. მათ შორის, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 217.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, სხვა ცვლილებების გამო ვალი ასევე გაიზარდა 14.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად, 708.7 მლნ. აშშ დოლარით და 18.3 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.
ამასთან, ცენტრალური ბანკის ცნობით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.8 მლრდ აშშ დოლარი (30.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 32.1 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.4 მლრდ აშშ დოლარი (23.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.8 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 811.6 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.4 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 439.6 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.3 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.6 პროცენტი).
რაც შეეხება საბანკო სექტორს, ამ სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 8.3 მლრდ აშშ დოლარი, სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 5.0 მლრდ აშშ დოლარი და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.7 მლრდ აშშ დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 88.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
მათივე ცნობით, საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარი ბოლო წლების განმავლობაში დინამიკურად იზრდებოდა.
"2020 წელს გაიცა პირველი აქტივების მმართველის, ხოლო 2021 წელს პირველი საინვესტიციო ფონდის რეგისტრაცია. შემდეგი სამი წლის განმავლობაში, საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების ჯამური მოცულობა წელიწადში საშუალოდ 59%-ით იზრდებოდა და 2024 წლის ბოლოს 200 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, მნიშვნელოვნად გაიზარდა აქტივების მმართველი კომპანიებისა და საინვესტიციო ფონდების რაოდენობაც: 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბაზარზე ოპერირებდა რვა აქტივების მმართველი კომპანია და 19 საინვესტიციო ფონდი"- განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -30.0 მლრდ აშშ დოლარი, ანუ -84.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წლიური მშპ-ს -89.0 პროცენტია. ცენტრალური ბანკის ცნობით, წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 163.7 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.