2006 წელს სოჭში შეხვდნენ სააკაშვილი და პუტინი, იქიდან რომ დაბრუნდა საქართველოში, ხელად ორფოლო წამოიწყეს, იქ იყო მოლაპარაკებული ყველაფერი - ემზარ კვიციანი

31 მარტი 2025, 13:45 114 ნახვა

ეს ყველაფერი იყო კოლექტიური ღალატი, ჩაფიქრებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ თვითონ საჯარისო ფორმირებები ამის აბსოლუტურად საქმის კურსში არ იქნებოდნენ. არ მგონია, გოგავასაც რამე სცოდნოდა ამის შესახებ. არ მგონია, რომელიმე სარდალს რამე სცდოდნოდა, რადგან ეს იყო შეთანხმებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, - ამის შესახებ კოდორის ხეობის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა, ემზარ კვიციანმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ დღევანდელ სხდომაზე კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

ემზარ კვიციანს კითხვა დაუსვა კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა: „როგორ მიგაჩნიათ, თქვენი ოჯახის, ასეულობით ქართველის, კოდორელის, დალის ხეობელის განეიტრალება, განიარაღება და იქ მოუმზადებლად მძიმე ტექნიკის შეყვანა ყოველგვარი გეგმის გარეშე, იყო წინდაუხედაობა თუ გამიზნული ნაბიჯი, რათა კოდორის, დალის ხეობა უბრძოლველად საბოლოოდ გამხდარიყო ოკუპაციის მსხვერპლი?“

ემზარ კვიციანის თქმით, ძალიან ბევრი რამ იცის ფაქტებით და ბევრ რამეს აეხდება ფარდა, თუ ამით გამოძიება დაინტერესდება.

„კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით, 2006 წლის 13 ივნისს ქალაქ სოჭში ერთმანეთს შეხვდნენ სააკაშვილი და პუტინი. რამე თუ იცით ამის შესახებ? ზღვაში რომ გავიდნენ და ორი საათი იყვნენ იქ. იქიდან რომ დაბრუნდა, ჩამოვიდა საქართველოში და ხელად ორფოლო წამოიწყეს. აი, იქ იყო მოლაპარაკებული ეს ყველაფერი. რვა წელიწადი ვიყავი რუსეთში და ძალიან ბევრი რამ გავიგე, ბევრი რამ ფაქტებით ვიცი და ბევრ რამეს ავხდით კიდევ ფარდას, თუ დაინტერესდება გამოძიება.

დააკვირდით, როგორ ამზადებდნენ ჩვენს ტერიტორიებს გასასხვისებლად. ჩვენს ეგრეთ წოდებულ მეგობრებს, რომლებიც ჩვენს მეგობრებად და დამხმარეებად არიან წარმოჩენილი, თუ უნდოდათ, ძლიერი ყოფილიყო ჩვენი ჯარი, ჯარში ისეთი რეფორმა არ უნდა ჩაეტარებინათ, რომ სპეციალისტები მოიშორეს, დილეტანტები მოიყვანეს. აგერ გეჯდათ სარდალი, გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც გეუბნება, მე რა ვიცოდი, ცხინვალში, კოდორში რა ხდებოდაო. ამისი თქმა უკვე ტრიბუნალია“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში