ჩვენმა სამხედროებმა დაინახეს, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც ჩამოვიდა გორში, გაიქცა, რამაც სერიოზული დემორალიზაცია გამოიწვია ჯარში - ლაშა ქოიავა

27 მარტი 2025, 11:59 295 ნახვა

ჩვენმა სამხედროებმა დაინახეს, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც ჩამოვიდა გორში, გაიქცა, რამაც სერიოზული დემორალიზაცია გამოიწვია ჯარში, – ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლაშა ქოიავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

ქოიავას თქმით, ეს მაშინვე, ელვისებურად გავრცელდა ჯარში.

„მივედი საველე შტაბში გარკვეულ საქმეზე. შტაბი იყო გაშლილი კარალეთში. რაღაც ადგილია, კაკლები ჰქვია და იქ იყო შტაბი გაშლილი. იქ ერთ-ერთმა ოფიცერმა მითხრა, რომ პრეზიდენტი გაიქცა. როგორი პიროვნული დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს შენი პრეზიდენტის, უმაღლესი მთავარსარდლის მიმართ, აქ არის ერთი მომენტი, რომ უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი გაიქცა. ვინ შეასრულებს მთელ მოვალეობებს, რომლებიც მან უნდა შეასრულოს? რასაკვირველია, თურმე საქართველოდან არ გაქცეულა, ჩვენ არ ვიცოდით, სად წავიდა, რა გააკეთა, იქ არც ტელევიზორი გვქონდა და დიდად ინტერნეტითაც ვერ ვისარგებლებდით. ერთადერთი, რაც მოხდა, იყო ის, რომ დავინახეთ, პირადად მე არ დამინახავს, მაგრამ ჩვენმა სამხედროებმა დაინახეს, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც ჩამოვიდა გორში, გაიქცა. კაცმა არ იცის, რატომ ჩამოვიდა, რისთვის. ის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ჩამოსულიყო საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე. არც ის, არც მინისტრი და არც გაერთიანებული შტაბის უფროსი იქ არ უნდა ყოფილიყვნენ. ისინი უნდა ყოფილიყვნენ თბილისში, თავიანთ კაბინეტებში და მასშტაბურად, გლობალურად ემართათ ის, რაც მათ ევალებოდათ, მაგრამ ისინი იყვნენ იქ. მოხდა ის, რომ პრეზიდენტი გაიქცა, ჯარმა ეს დაინახა. მაშინვე, ელვისებურად გავრცელდა, ვირუსულივით გავრცელება მოხდა, რომ პრეზიდენტი გაიქცა, რამაც სერიოზული დემორალიზაცია გამოიწვია ჯარში“, – განაცხადა ლაშა ქოიავამ.

მისივე განმარტებით, სამხედრო გეგმის მიხედვით, ჯარი ცხინვალში არ უნდა შესულიყო. უნდა მომხდარიყო იგნორირება ცხინვალის და გასვლა როკის გვირაბთან, რათა ჩვენ დაგვესწრო რუსების სამხედრო ძალების შემოსვლა საქართველოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში