ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტიმ გამოაქვეყნა მემორანდუმი საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, რომელშიც აღნიშნავს საკუთარ შეშფოთებებსა და რეკომენდაციებს შეკრების თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოების დაცვასთან და ლგბტ პირთა უფლებებთან დაკავშირებით.
მემორანდუმი საქართველოში 2025 წლის 21-23 იანვარს კომისრის მიერ განხორციელებული ვიზიტის შედეგად მომზადდა. ვიზიტი განპირობებული იყო ხელისუფლების მიერ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს განხორციელებული ქმედებებით, მათ შორის ძალის გამოყენებით ძირითადად მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ.
კომისარი აღნიშნავს, რომ მიუხედავად აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ ცუდი მოპყრობის შესახებ სარწმუნო ანგარიშებისა, არცერთი სამართალდამცავი პირი არ იქნა პასუხისგებაში მიცემული აღნიშნული დარღვევებისთვის, პირიქით. სისხლის სამართლის დევნა გაგრძელდა აქციის ზოგიერთი მონაწილის მიმართ.
კომისარი ხაზს უსვამს ნიღბიანი პოლიციელების სათანადო იდენტიფიკაციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევას, როგორც დაბრკოლებას ანგარიშვალდებულებისადმი. ის რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს ყველა საჭირო ზომა მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერების გზით. ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად ის ასევე რეკომენდაციას უწევს სავალდებულო იყოს, სამართალდამცავი პირისთვის, განმასხვავებელი მაიდენტიფიცირებელი ნიშნის ტარება.
კომისარი ასევე გამოხატავს შეშფოთებას შეკრების თავისუფლების მარეგულირებელ კანონებში ბოლოდროინდელი ცვლილებების შეტანის გამო, რომლებიც აწესებს დაუსაბუთებელ შეზღუდვებს აქციის მონაწილეებისთვის, აფართოებს სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილებებს და აწესებს უფრო მკაცრ სანქციებს საპროტესტო ქმედებებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.
კომისარი შეშფოთებულია ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის შესახებ ანგარიშებით. მათ შორის პროტესტის დროს შევიწროებითა და ძალადობით. მემორანდუმის თანახმად, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე, რომელიც კომისარმა მოინახულა საპატიმროში, ასახავს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის სულ უფრო რთულ გარემოს.
მან ასევე რეკომენდაცია გაუწია იმის უზრუნველყოფას, რომ ჟურნალისტებს შეეძლოთ თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობა, მათ შორის საჯარო შეკრებების კონტექსტში. კომისარი ასევე გამოხატავს შეშფოთებას სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შემცირების გამო, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ გაჩაღებული რიტორიკისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის ნაკლებობის გამო.
მაიკლ ო’ფლაჰერტი აყალიბებს რიგ რეკომენდაციებს სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, მათ შორისაა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის გაუქმება და იმის უზრუნველყოფა, რომ ნებისმიერი კანონი გაერთიანებების შესახებ მკაცრად შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობას, რომლის დაცვის ვალდებულებაც საქართველოს აქვს აღებული.
კომისარი გამოხატავს შეშფოთებას ლგბტ პირთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის დონის გამო.