2008 წლის ომის დროს ევაკუაციის გეგმა არ იყო, მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად გაიმეტეს, გაიმეტეს ადმინისტრაციის თანამშრომლები, ადგილობრივები და რეგიონი მთლიანად - თამაზ ბასტაევი

26 მარტი 2025, 16:13 256 ნახვა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომს განიხილავენ, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, თამაზ ბესტაევს მოუსმინეს, რომელიც ომის პერიოდში ამავე ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ბესტაევმა გაიხსენა 2008 წლის 8 აგვისტოს დღე და აღნიშნა, რომ ცუდად ენიშნა, როდესაც სამსახურში წასვლისას აღმოაჩინა, რომ ერედვში ქართული ბლოკპოსტი აღარ იყო.

„8-ში დილით გადავედი სამსახურში, გავიარე ტყვიავი და ტყვიავის საავადმყოფოში შევედი, იმიტომ, რომ საავადმყოფოში იყვნენ სამხედროები განთავსებული, იქ იყვნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც ფორმებში. კი გამიკვირდა, ისინი არ იყვნენ ოფიცრები, არც სამხედროები და რატომ იყვნენ ფორმებში. გავისაუბრეთ და ვუთხარი, რომ მივდიოდი სამსახურში, რაზეც მიპასუხეს, რა სამსახურში, ხომ ხედავ, რა ხდებაო. ამასობაში, ბომბდამშენი უკვე მუშაობდა, მე სამხედრო არ ვარ და რატომღაც ეს ბომბდამშენი ჯერ ჩვენი მეგონა - ეს იყო 8 აგვისტოს დაახლოებით დღის 12 საათი. ერედვიდან რომ გადავდიოდი, ცუდად ის მენიშნა, რომ ქართული ბლოკპოსტი მოხსნილი იყო, წვერიახოზე ავედი და იქ ჩვეულებრივ რუსები იდგნენ და სურათებს იღებდნენ, რაღაც ავისმომასწავებელი სიჩუმე იდგა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, მოსახლეობაც არავინ გარეთ არ იყო, ყველა სახლებში იყო. ჩავედი სამსახურში, გავაგრძელეთ ჩვეულებრივ მუშაობა." - განაცხადა ბესტაევმა.

თამაზ ბესტაევი იხსენებს, რომ დაბომბვების გახშირების პარალელურად, გაუმძაფრდა ეჭვი და დაინტერესდა, ბომბდამშენები რუსული იყო თუ ქართული, რადგან ტელევიზიით გადმოსცემდნენ რომ კოკოითი გაიქცა და იქ ვიღას ესვრიან, ცხინვალში, შემდეგ კი გაარკვიეს, რომ ბომბდამშენი რუსული იყო, რაც, ბუნებრივია, ცუდად ენიშნა.

„რახან რუსული ქვედანაყოფები და სამხედროები ჩაერთო, უკვე, იქვე ჩავთვალე, რომ ეს იყო ოკუპაცია და დიდი მსხვერპლი ჩვენი ქვეყნისთვის. ტელევიზიებით აცხადებდნენ, რომ არ იყო ჩართული რუსული ჯარები და კოკოითის ე.წ. სამხედროები გვიწევდნენ წინააღმდეგობას, რატომღაც ასე აცხადებდნენ." - განაცხადა ბესტაევმა.

როგორც მან აღნიშნა, იყო სრული ვაკუუმი და პირადად მას არავინ დაკავშირებია.

„იმას ვყვები, მე რაც ვნახე, რასაც შევხედე და რაც მე გადამხდა. კულისებში სად რა ხდებოდა და ვინ რას ამბობდა, ეს არ ვიცი. მინისტრის პოზიცია მეკავა, იქ ვიყავი, მიცნობდნენ და ველოდებოდი, თუ ევაკუაციის გეგმა არსებობს, მეც მეტყვიან, რომ დაცალეთ ადმინისტრაცია და მოახდინეთ ევაკუაცია. ალბათ ადგილობრივ მოსახლეობასაც მიხედავდნენ, ევაკუაციას ახორციელებს ჩემი აზრით შსს და თავდაცვა. რაღაც ინფორმაციას ველოდებოდი - არ იყო არანაირი ინფორმაცია, ხელმძღვანელის მოადგილეს ვეკითხებოდი - არც მისგან იყო არანაირი ინფორმაცია." - განაცხადა თამაზ ბესტაევმა.

8 აგვისტოს საღამოს მონაცემებით კი, მისი განცხადებით, უკვე ნათელი იყო სიტუაცია, ვინაიდან, იბომბებოდა ქალაქის ტერიტორია, სამხედრო ქვედანაყოფები ტყვიავის მიმართულებით და ძალიან ცუდ სიტუაციაში ვიყავით.

„დავრეკე ქურთის საავადმყოფოში, ხმამაღალი ტონალობით ვთქვი, რომ სასწრაფოდ დაცალეთ ხეობა, თუ რამე გაქვთ – აპარატურა, კომპიუტერი, ინსტრუმენტები, რაც შეიძლება ხელში აიღოთ და შეძლოთ გამოიტანოთ, გადმოდით გორისკენ. პირადი და სასწრაფოს მანქანები ჰყავდათ. მედპერსონალი და ექიმები ძირითადად ადგილობრივები იყვნენ. ერთი იყო მხოლოდ თბილისიდან. გავაფრთხილე ჩემი თანამშრომლები, ვინც იქ იყვნენ: ჩქარა დაცალეთ და ვრეკავდი ავნევის ხეობაში გამგებელი იყო გონერი კაპანაძე, მასთან ვრეკავდი, მითხრა, თითქმის ალყაში ვართო. რუსები რომ შემოვიდნენ, დაიწყეს მაროდიორობა, ძარცვა, ხოცვა-ჟლეტა. 71 არის გარდაცვლილი, ადგილობრივი მოქალაქე. დარჩნენ მხოლოდ მოხუცები, რომლებიც არ ტოვებდნენ სახლს და ოჯახის წევრებს არ დაემორჩილნენ. ძირითადი მასა წამოვიდა. ეს მოხდა 8-ში და 9-ში. უკვე 9 აგვისტოს შევიდნენ რუსები და დარჩენილი მოხუცები დახვრიტეს. ამ დაბომბვის დროს 71 ადამიანია დაღუპული, რომელიც მერე აღვრიცხეთ. 8-ში და 9-ში ის გაფრთხილების დონე რომ არ მომხდარიყო, ვფიქრობ, მეტ მსხვერპლს მივიღებდით. რატომ არ იყო ევაკუაციის გეგმა? რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია? დასკვნა მქონდა და დღესაც იგივე მაქვს, რომ გაიმეტეს მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად, გაიმეტეს ადმინისტრაციის თანამშრომლები, გაიმეტეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და ის რეგიონი მთლიანად. ძალოვანებმა და მაშინდელმა ხელისუფლებამ იცოდა, რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია“, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში