საქართველოს პრეზიდენტი მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ერს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს.
"საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ერს ვულოცავ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს!
1917 წლის 25 მარტს, ქართული სამღვდელოების საგანგებო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა — ეს გახლდათ ეროვნული თვითმყოფადობისა და ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ეტაპი.
ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად მაშინ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მამულიშვილები – როგორც საერო, ისე სასულიერო პირები იბრძოდნენ, რითაც განამტკიცეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა.
თუმცა, მაშინ ეს მხოლოდ ბრძოლის დასაწყისი იყო - მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ოფიციალური აღიარება 1990 წელს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის უდიდესი ძალისხმევითა და ავტორიტეტით მოხერხდა, რისთვისაც გულითად მადლობას ვუხდი მას.
დღესაც, ეკლესია ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს, სულიერი სიმტკიცისა და ეროვნული ერთობის საფუძველს წარმოადგენს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს. გისურვებთ მშვიდობასა და სულიერ სიმტკიცეს.
ღმერთმა დალოცოს ჩვენი ეკლესია და სამშობლო! ", - წერს მიხეილ ყაველაშვილი.