ეს „ენჯეოები“ ტრამპის ადმინისტრაციასაც უწოდებენ პრორუსულს - შალვა პაპუაშვილი „ფარას“ კანონთან დაკავშირებით NGO-ების კრიტიკაზე

24 მარტი 2025, 13:00 125 ნახვა

რაც შეეხება ამ სტიგმატიზებას კანონების, როგორც რუსული კანონი და ა.შ. ხომ ვნახეთ, რომ ეს არ არის საქართველოში მოფიქრებული პროპაგანდისტული ილეთი. ვხედავთ ამ ილეთს, როგორ იყენებენ ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლების წინააღმდეგ და როგორ იყენებდნენ ტრამპის წინააღმდეგ, მათ შორის ზუსტად ისინი, ვინც აფინანსებენ ამ „ენჯეოებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, NGO-ბის კრიტიკასთან დაკავშირებით, რომლებმაც თქვეს, რომ ამერიკული „ფარას“ სახით რუსული კანონია შეფუთული.

მისივე თქმით, საქართველოში მოქმედი იგივე „ენჯეოები“ ტრამპის ადმინისტრაციასაც რუსულს უწოდებენ.

„ეს „ენჯეოები“ ტრამპის ადმინისტრაციასაც უწოდებენ პრორუსულს და მის ზოგიერთს წარმომადგენს. მისი დამფინანსებლები, მაკკეინის ინსტიტუტი მაგალითად, პირდაპირ სექსუალურ მოძალადეს ეძახის ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს. ასე, რომ ეს არის მეთოდი, რომელიც საქართველოში მოფიქრებული არ არის, არამედ მოფიქრებულია მათი დამქირავებლების მხრიდან, რომელიც აფინანსებენ ამ „ენჯეოებს“. იმისათვის, რომ რაღაც კანონს შეეწინააღმდეგონ ან რაიმე პროცესს უნდა მიაწებონ კლიშე რუსულის და მორჩა, ამით გაექცნენ დისკუსიას.

 

შეგახსენებთ, რომ შარშან ოქტომბერში გამოვიდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთში მოქმედ კანონთან დაკავშირებით, სადაც სტრასბურგის სასამართლომ ჩამოწერა ექვსი კრიტერიუმი, რა შემთხვევაში იყო ევროპული კონვენციის დამრღვევი ამ ტიპის კანონები. არცერთი ამ ექვსი საკითხისგან ქართულ კანონში არ არის. სინამდვილეში, ეს არის ყალბი პროპაგანდისტული ხერხი, რომელსაც იყენებენ „ენჯეოები“. მე მათთან კითხვა არ მაქვს, მე მაქვს კითხვა დონორებთან. ევროკავშირის ელჩიდან საქართველოში და სხვა საელჩოების თუ დონორების წარმომადგენლებთან, რატომ ახალისებენ ამ დეზინფორმაციულ პროპაგანდას ქართველი ხალხის წინააღმდეგ?

 

ხედავთ რა აბსურდამდე მივიდნენ, რომ სპეციალურად სიტყვა-სიტყვით ეს კანონი გადმოწერილი. იცით, რომ ინიციირებულ ვერსიაში სპეციალურად ტერმინებიც კი დავტოვეთ ამერიკული და შემდეგ შევასწოროთ ტერმინების დონეზე მხოლოდ. სიტყვა-სიტყვით არის ის, რაც არის ამერიკაში. ახლა ისინი თუ ამერიკას უწოდებენ რუსეთს, ეს მათი საკითხია. ეს „ენჯეოები“ ამერიკის დღევანდელ ხელისუფლებას უწოდებენ რუსეთთან გარიგებულ ხელისუფლებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ელჩმა უნდა უპასუხოს კითხვას, იცოდა თუ არა, რომ „ენჯეოებს“ სტრასბურგში არ ჰქონდათ მოთხოვნილი გამჭვირვალობის კანონის შეჩერება და თუ იცოდა, რატომ გვიმალავდა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას უცხოეთიდან მართული „ენჯეობის“ მიმართ კითხვები უკვე დიდი ხანია, აღარ აქვს, რადგან, მისივე განცხადებით, ამ შემთხვევაში, კითხვა არსებობს მათი დონორების მიმართ.

„მათ შორის „საია“ ფინანსდება ბრიუსელიდან. ასე რომ, ეს ექვსთვიანი თავდასხმა საკონსტიტუციო სასამართლოზე და ძირის გამოთხრა სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ ყველაფრის უკან დგას ბრიუსელის ფული. ამიტომ, პასუხი იმ კითხვებზე, რატომ ხდებოდა პროპაგანდისტული მეთოდებით, დეზინფორმაციით საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოზე თავდასხმა, პასუხი გასაცემი აქვთ საქართველოში ევროკავშირის ელჩს, ბატონ ჰერჩინსკის, რადგან მისი დაფინანსებულია ეს „ენჯეოები“. მან უნდა გასცეს პასუხი და მან დიდი ალბათობით, ძალიან კარგად იცოდა. როგორც სხვა დროს გავარკვიეთ, პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით. მე ვერ დავუშვებ იმას, რომ მან არ მოიკითხა ამ „ენჯეოებში“, იყო თუ არა მოთხოვნილი დროებითი ღონისძიება, რადგან ეს იყო მთავარი საკითხი. მთელი პანიკა აწიეს, რომ კანონი არ შეაჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონმა ჰერჩინსკიმ იცოდა, რომ მათ არ ჰქონდათ მოთხოვნილი კანონის შეჩერება სტრასბურგში. ისიც კარგად იცოდა, რომ ჩვენ ამ პასუხს ველოდით და გვაინტერესებდა საქართველოს პარლამენტს, რომ იმის ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავს ესხმოდნენ, კანონის არშეჩერების გამო ითხოვნდნენ თუ არა სტრასბურგიდან კანონპროექტის შეჩერებას და ეს იცოდა ჰერჩინსკიმ, ამაში დარწმუნებული ვარ. ამას უმალავდა ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას. ამიტომ, ახლა პასუხი გასაცემი აქვს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას, იცოდნენ თუ არა მათ, რომ ამხელა კამპანია, რომელიც მათი ფულით იყო ასევე დაგეგმილი და განხორციელებული, გასაჩივრებებს ვგულისხმობ, იყო საბაბი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე პიროვნული თავდასხმებისა, იცოდა თუ არა მან, რომ საია-ს არ ჰქონდა მოთხოვნილი სტრასბურგში კანონის პროექტის შეჩერება და თუ იცოდა, რატომ მალავდა ამ ყველაფერს. ასე რომ, არაფერ შუაში აღარ არიან უცხოეთიდან მართული „ენჯეოები“, მათმა დონორებმა უნდა გასცენ პასუხი ყველაფერს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული ვერსია სიტყვა სიტყვით ამერიკული „ფარას“ ანალოგია.
ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში