საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მარნეულში აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
„გილოცავთ დღევანდელ დღეს, ნოვრუზ ბაირამს, ვულოცავ ჩვენი მრავალეთნიკური სახელმწიფოს თითოეულ მოქალაქეს. ნოვრუზ ბაირამი ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დღე არის, არა მხოლოდ მისი კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე, არამედ იმიტომ, რომ ეს დღესასწაული აერთიანებს სხვადასხვა ერის თუ რელიგიის წარმომადგენლებს. დღესაც, მარნეულში ყველა ერთად აღვნიშნავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, განახლების დღეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გვეცხოვროს, მშვიდობიან, მთლიან და ძლიერ საქართველოში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო, დაათვალიერა საგამოფენო სივრცე და აზერბაიჯანული ეთნო კუთხე. მარნეულში ასევე გაიმართა სპორტული და კულტურული ღონისძიებები.