საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

18 მარტი 2025, 16:03 89 ნახვა

საკანონმდებლო ორგანომ 85 ხმით, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

რეგლამენტის პროექტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ექნება ბრძანებით დაადგინოს პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლისათვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის წესი, თანამშრომლის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში.

ცვლილება ასევე შეეხება საქართველოს პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიებს, კერძოდ: საგამოძიებო კომისიას შეეძლება მის ერთ-ერთ წევრს დაავალოს ისეთი პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, რომელიც თავად გამოთქვამს სურვილს დროებითი საგამოძიებო კომისიას მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

„საქართველოს პარლამენტში ფუნქციონირებს დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის დღის წესრიგშია 2003-2012 წლებში არსებული რეჟიმის მიერ ჩადენილ ქმედებათა გამოძიება. კომისია აქტიურად მუშაობს და ამ დროისთვის უკვე ასეულობით განცხადებაა შემოსული, სადაც მოქალაქეები აღწერენ საკუთარ პრობლემებს და საქართველოს პარლამენტისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ. აქედან გამომდინარე, შემოთავაზებულია ცვლილება, რომ არა კომისიამ ან კომისიის მიერ შერჩეულმა სამმა წევრმა, არამედ კომისიის მიერ შერჩეულმა ერთმა წევრმა ახსნა-განმარტება ჩამოართვას იმ პირებს, რომლებმაც საქართველოს პარლამენტს თვითონ მომართეს“, - განაცხადა მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

ცვლილების თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა შეიძლება გაიმართოს პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებშიც, გარდა პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას. ასევე, თუკი იარსებებს გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, დროებით საგამოძიებო კომისიას თავისი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე შეეძლება შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას გამოძიების დაწყების საკითხი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში