პატიმრის უფლების დარღვევაზე მიუთითებს გასულ წელს აქციებისას დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატი. პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებულის ადვოკატის ინფორმაციით, მსჯავრდებული გლდანის მე-8 დაწესებულებიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაჰყავთ, რის შესახებაც მას თავად მსჯავრდებულმა განუცხადა. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, „ამ პატიმრების სხვა დაწესებულებაში გადაყვანა მომატებული რისკის მატარებელია“.
ადვოკატის თქმითვე, მან საბა მეფარიშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანა შეაჩერა, თუმცა, ამ ეტაპზე, მისთვის ომარ ოკრიბელაშვილის ბედი უცნობია, ვინაიდან სამუშაო დღე არ არის და პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ შედის.
ცნობისთვის, პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.