აქციების მონაწილეების სასამართლო პროცესი

12 მარტი 2025, 18:05 113 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციის ერთ-ერთი მონაწილის ციალა ქათამიძის საქმის განხილვა გაიმართა. საუბარია 11 იანვარს აჭარის პოლიციის სამმართველოსთან მის ადმინისტრაციული წესით დაკავებაზე. საქმეზე დღეს მხარეთა მოწმეები გამოიკითხნენ. სასამართლოს ჩვენება მისცეს იმ სამართალდამცავებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ იგი აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ციალა ქათამიძის წინააღმდეგ მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები აქვს. მოპასუხე მხარემ პოლიციელების ჩვენებებს ტყუილი უწოდა.
როგორც ციალა ქათამიძემ სასამართლოზე თქვა, ის სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს და შემდეგ გაიგო, რომ მისი დაკავება მოხდა პოლიციელების შეურაცხყოფისთვის, რაც არ ჩაუდენია. მისივე განცხადებით, დღეს გახდა ცნობილი რომ სტიკერის დაკვრის დროს მოხდა მისი განრიდება და შემდეგ გაყალბებული ოქმით დააკავეს. სასამართლოს ჩვენება მისცა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აკაკი გვიანიძემაც, რომლის ინფორმაციითაც, ქათამიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია პოლიციელებისთვის და სამართალდამცავებთან კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გვიანიძის ჩვენება ეჭვქვეშ დააყენა და ის ცრუ ჩვენების მიცემაში დაადანაშაულეს.
მხარეებმა დღეს ვიდეო მტკიცებულებებიც გამოიკვლიეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით მომდევნო სხდომაზე არ დაიკითხება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დგებუაძე. ადვოკატები სწორედ მის დაკითხვას ითხოვდნენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში