2025 წლის 6 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახლადდანიშნულ არარეზიდენტ ელჩებს უმასპინძლეს.
ბელგიის, ლუქსემბურგის, კვიპროსის, ფილიპინების, კამბოჯის, გვატემალის, სომალის, ბურუნდის, მალის, ტაჯიკეთისა და პაკისტანის ელჩებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა მიმართა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მათ შორის, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, ასევე, საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევაზე – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასა და საქართველოს მთავრობის მხრიდან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკაზე. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ კუთხით არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
გარდა ამისა, გიორგი ზურაბაშვილმა ვრცლად ისაუბრა საელჩოების როლზე ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში.
„საელჩოები გადამწყვეტ როლს ასრულებენ თანამშრომლობის ხელშეწყობაში. ისინი, გარკვეულწილად, ხიდების ფუნქციას ასრულებენ მთავრობებს, კულტურებსა და ხალხებს შორის. ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებით ჩვენ ვქმნით ნდობის, ეფექტიანობისა და გაზიარებული ცოდნის ქსელს, რომელიც ყველას სარგებელს მოუტანს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 6 მარტს საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გააფორმეს მემორანდუმი პოლიტიკური კონსულტაციების დაფუძნების შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა და გვატემალის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით ქ. ანკარა) ედუარდო ენრიკე ერნანდეს რესინოსიმ.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.