გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვარი ავტომობილში მოწყობილი სამალავის საშუალებით, სომხეთის საზღვარი კი რუსეთის მოქალაქის პასპორტით გაიარა - შსს

05 მარტი 2025, 16:40 251 ნახვა

შსს გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბაჩიაშვილმა სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში,  რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ, ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაცია, გ.ბ.-ს მიერ, სახელმწიფო საზღვრის სავარაუდოდ უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ გ.ბ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად გრძელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირების დადგენა - დაკავების მიზნით.

ინფორმაციას შედეგების შესახებ სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის. გ.ბ.-ს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა"- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში