თორნიკე რიჟვაძემ აჭარის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე წარადგინა

04 მარტი 2025, 11:11 750 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე წარადგინა.

კულტურის მიმართულება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოეყო და ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ახალი სამინისტროს ფორმატი, რეგიონში კულტურის განვითარებას მეტად შეუწყობს ხელს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება არსებული განათლების, კულტურის, სპორტის სამინისტროდან ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბებულიყო აჭარის კულტურის სამინისტრო, რომელიც დამოუკიდებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას.

აჭარას ნამდვილად აქვს უდიდესი პოტენციალი კულტურის სფეროში. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ კიდევ უფრო ეფექტიანად მომხდარიყო ამ სფეროს გაძლიერება. ბოლო წლებში არაერთი მიღწევა გვაქვს კულტურის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ ეს მომავალშიც გაგრძელდება.

მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ახალი სამინისტროს ხელმძღვანელი, მინისტრი, ქალბატონი ელისო ბოლქვაძე, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. ქალბატონი ელისო ბოლო წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში. ის გახლდათ კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი. ასევე, ის გახლავთ „იუნესკოს“ მშვიდობის ელჩი. მას განათლება მიღებული აქვს კონსერვატორიაში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ასევე, პარიზის უმაღლეს სახელოვნებო სკოლაში. ის გახლავთ დამფუძნებელი შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის და დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით კულტურაში არაერთი პოზიტიური, დადებითი სიახლე გვექნება აჭარაში.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ მაია ხაჯიშვილს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში კულტურის სფეროს ხელმძღვანელობდა. მინდა მადლობა გადავუხადო მას გაწეული სამუშაოსთვის და იმ შედეგებისთვის, რაც გვაქვს. ქალბატონი მაია გააგრძელებს როგორც განათლების, ასევე სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობას“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

განათლების მინისტრი კი ისევ მაია ხაჯიშვილი იქნება.

ელისო ბოლქვაძე საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, იგი კულტურის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 

 
 
ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში