ბათუმის სპორტის სასახლეში ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, რომელიც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, საერთაშორისო კლასის არბიტრის, ღირსებისა და ფილას ორდენის კავალერის გელა ჯანელიძის ხსოვნას მიეძღვნა.
ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის გარდა მოჭიდავეები სომხეთიდანაც მონაწილეობდნენ.
ასპარეზობა 11 წონით კატეგორიაში გაიმართა. შეჯიბრების ბოლო დღეს გამოვლინდნენ ჩემპიონები და პრიზიორები, რომლებიც გელა ჯანელიძის ოჯახის წევრებთან ერთად, ოლიმპიურმა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებმა დააჯილდოვეს.
როგორც ტურნირის ორგანიზატორები აცხადებენ, ტურნირი მომავალ წლებში უფრო მასშტაბური გახდება და მასში მონაწილეობას უფრო მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.