არც ბიძინა ივანიშვილი, არც ხელისუფლება მთლიანად, არავითარ შემთხვევაში არ გადადგამდა არავითარი შანტაჟის პირობებშიც ისეთ ნაბიჯს, რომელიც პირდაპირ ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობა არის ერთგვარი უსუსური შანტაჟის მცდელობა.
„ეს შანტაჟი დაიწყო 3 წლის წინ უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, თქვენ იცით, რომ კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ ჩვენ მიმართ და მათ შორის კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილის მიმართ. შანტაჟი უკავშირდებოდა ამ ყველაფერს, თუმცა უშედეგო იყო ეს შანტაჟი, გამომდინარე იქიდან, რომ არც ბიძინა ივანიშვილი, არც ხელისუფლება მთლიანად, არავითარ შემთხვევაში არ გადადგამდა არავითარი შანტაჟის პირობებშიც ისეთ ნაბიჯს, რომელიც პირდაპირ ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ითხოვდა როგორც სანქციებთან მიერთებას, ისე მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, ეს პირდაპირ ნიშნავდა ესკალაციას, საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში.