„ფრიდომ ჰაუსის“ 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავაც ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია და გასულ წელთან შედარებით სამი ქულით ნაკლები აქვს

26 თებერვალი 2025, 16:13 91 ნახვა

„ფრიდომ ჰაუსის“ 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავაც ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია და გასულ წელთან შედარებით სამი ქულით ნაკლები აქვს. ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო ორგანიზაციის ვებგვერდზე 26 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მაქსიმალური 100-დან 55 ქულა აქვს მინიჭებული. პოლიტიკური უფლებების ნაწილში მაქსიმალური 40-დან საქართველოს შეფასებაა 21 ქულა, ხოლო სამოქალაქო უფლებების ნაწილში – მაქსიმალური 60-დან 34 ქულა.

2024 წელს საქართველო შეფასება იყო 58 ქულა. პოლიტიკური უფლებების ნაწილში გასულ წელს საქართველოს ჰქონდა 22 ქულა, ხოლო სამოქალაქო უფლებების ნაწილში – 36 ქულა.

გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველო ერთხელ არის ნახსენები და ნათქვამია, რომ „გაძლიერებული ძალადობა საარჩევნო პროტესტების დროს ფართოდ იყო გავრცელებული, რაც 11 ქვეყანაში მოხდა, მათ შორის საქართველოსა და მოზამბიკში, სადაც უსაფრთხოების ძალებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს მომიტინგეების წინააღმდეგ“.

საქართველოს შესახებ დეტალური ანგარიში ამ ეტაპზე ვებგვერდზე ხელმისაწვდომი არ არის.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 2025 წელის ანგარიში სომხეთს აქვს 54 ქულა, აზერბაიჯანს – 7, ბელარუსს – 7, თურქეთს – 33, უკრაინას – 51, რუსეთს – 12.

Freedom House-ის ანგარიშში სულ 195 ქვეყანა და 13 ტერიტორიაა, რომელთა შეფასებაც 25 მაჩვენებლის მიხედვით ხდება.

ყველაზე თავისუფალი აღმოჩნდა ფინეთი: მას 100 ქულა აქვს. 99 ქულა აქვთ ნორვეგიას, შვედეთსა და ახალ ზელანდიას.

„ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, მთლიანობაში, ზედიზედ მე-19 წელია, მსოფლიოში თავისუფლება მცირდება. გასული წლის განმავლობაში სიტუაცია გაუარესდა სამოც ქვეყანაში, გაუმჯობესდა – 34-ში. თავისუფალ სახელმწიფოებში ამჟამად ცხოვრობს კაცობრიობის 20%, ნაწილობრივ თავისუფალ და არათავისუფალ სახელმწიფოებში – 40%.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი