საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ელექტრიკოსები გურიასა და აჭარაში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ - „ენერგო-პრო ჯორჯია“

25 თებერვალი 2025, 13:20 124 ნახვა

კახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან გურიასა და აჭარაში ჩასული „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დამატებითი ბრიგადები რამდენიმე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ - ინფორმაციას ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, გზებზე დიდთოვლობის გამო სპეციალურ ტექნიკას უჭირს გადაადგილება და უმეტეს შემთხვევაში ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა, თუმცა ისინი ცდილობენ დროულად მოახდინონ სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება გურიის სოფლების ნაწილს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს. ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება რაიონულ ცენტრებს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, თითქმის მთელი საქართველოდან გურიაში და აჭარაში ჩასული ელექტრიკოსები ამ წუთებშიც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და განაგრძობენ იქამდე, სანამ სრულად არ მოხდება ენერგომომარაგების აღდგენა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში