ვხედავთ, როგორი უსუსურები აღმოჩნდნენ მთავრობები, რომლებიც უკრაინას აქეზებდნენ, მოლაპარაკებებზე თავისი ადგილი ვერ იპოვეს, რაშიც მაგრები ყოფილან, სხვისი წაქეზებაა - შალვა პაპუაშვილი

23 თებერვალი 2025, 13:33 119 ნახვა

ვფიქრობ, ბრიუსელს დღეს უფრო მეტი საფიქრალი უნდა ჰქონდეს, ვიდრე იმ ცრუ ნარატივებზე მსჯელობა, რომელიც თავად ბრიუსელიდან მოდის ხოლმე ქართველი ხალხის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელი უნდა დაკავდეს უკრაინის მხარდაჭერით, რადგან უკრაინელი ხალხის წინაშე ევროკავშირის ყველა დედაქალაქი ვალშია.

„ვხედავთ, როგორი უსუსურები აღმოჩნდნენ ის მთავრობები, რომლებიც აქამდე უკრაინას აქეზებდნენ, ეუბნებოდნენ, ბოლომდე თქვენთან ვართო, როგორ ბოლომდეც არიან, გამოჩნდა. ამიტომ, ერთ რამეს ვისურვებდი, ნაცვლად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ცრუ ნარატივების გავრცელებისა, დემოკრატიის და ხალხის ნების უარყოფისა, დაკავდნენ იმ საკითხით, რომელიც სინამდვილეში ზუსტად მათი საფიქრალია. უკრაინელი ხალხის წინაშე ევროკავშირის ყველა დედაქალაქი ვალშია. ამ ვალს გადახდა უნდა. ხომ ხედავთ, როგორ ვითარდება მოვლენები. საუბარია სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და იქ თავისი ადგილი ვერ უპოვიათ ევროკავშირის დედაქალაქების წარმომადგენლებს. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი, რაშიც მაგრები ყოფილან, ესაა სხვისი წაქეზება, საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღმოჩნდება, რომ ზურგის გამაგრება არ შეუძლიათ“, – განაცხადა პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სწორედ ეს ხალხი აქეზებდა საქართველოს რუსეთთან სიტუაციის ესკალაციაზე წასულიყო.

„შეგახსენებთ, იგივე ხალხი გვაქეზებდა, რომ ესკალაციაზე წავსულიყავით რუსეთთან. ეს ხდებოდა ჯერ დახურულ კარს მიღმა და შემდეგ ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც აისახა. სად ვიქნებოდით?! სად იქნებოდნენ ამ ხელისუფლებების წარმომადგენლები, რა გვექნებოდა, „ტვიტერზე“ განცხადება? როგორც ეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა გააკეთა?! X-ზე დადებული პოსტი არის ჩვენ სანუგეშოდ?! ამას ვუხსნიდით მაშინ ყველას, რომ პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ ამ საკითხს, როცა გვეუბნებოდნენ – დააწესეთ სანქციები, ჩაკეტეთ ცა, საზღვრები, ის ხალხი ან აღარაა თავის თანამდებობაზე და ახლა თბილი ოთახიდან აკვირდება ამ მოვლენებს, ან აღმოჩნდა, რომ რაც შეუძლიათ არის, რომ სოციალურ ქსელით გაამხნეონ ესა თუ ის საზოგადოება და ხელისუფლება. ამან ჩვენი საზოგადოების ყველა წევრი უნდა დააფიქროს, რომ არაფერი უნდა დააყენო შენს ეროვნულ ინტერესზე მაღლა, არავის ტკბილი სიტყვა, თხოვნა-მუდარა არ არის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა. საქმე-საქმეზე რომ მიდგება და ვიღაცის ანგარიშის გაწევისთვის რაღაცას გააკეთებ, შემდეგ გაგიჭირდება, აღმოჩნდება, რომ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გარდა არაფერი აქვთ. სესხების მსგავსად, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი სესხი იყო დახმარება, ტაშის კვრა და წითელი ხალიჩები, რომელიც ახლა ომგამოვლილ ხალხს მოუწევს, გადაიხადოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში