პროცესები, რაც მანამდე იმართებოდა ამერიკული დაფინანსებით, დღეს იმართება მეტწილად ევროპული დაფინანსებით, ამას ყურადღება სჭირდება - ირაკლი კობახიძე

12 თებერვალი 2025, 17:24 129 ნახვა

ჩვენ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ კანონპროექტის დაინიცირებას, რომლითაც კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა და ეს დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი პარტნიორებთან, პირველ რიგში ამერიკელ პარტნიორებთან, ახალ ადმინისტრაციასთან.

„თქვენ ხედავთ, რომ პროცესები, რაც მანამდე იმართებოდა ამერიკული დაფინანსებით, დღეს უკვე იმართება მეტწილად ევროპული დაფინანსებით. ამასაც სჭირდება ყურადღების მიქცევა. არ შეიძლება, ვინმემ ევროპული სტრუქტურებიდან მხარი დაუჭიროს, დააფინანსოს რევოლუციური პროცესები. ჩვენ ამასაც უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ ღრმად უნდა შევისწავლოთ, მათ შორის ევროპის დემოკრატიის ფონდის საქმიანობა, საიდანაც ფინანსდებოდა რევოლუციური პროცესები, რადიკალიზმის გაღვივება, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა. ყველამ უნდა სცეს პატივი, განსაკუთრებით ევროკავშირმა, ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, USAID ჩართული იყო რევოლუციური პროცესების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

„USAID ჩართული იყო რევოლუციური პროცესების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ამის კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, მათ შორის ვიდეო-მტკიცებულებები. გახსოვთ, იგივე „კანვასის“ ტრენინგი, სხვადასხვა აქტივობა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის უკიდურესად მიუღებელი და ძალიან კარგია, რომ დღეს ამ ყველაფერზე ალაპარაკდა უკვე აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. გახსოვთ, რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოები“, მათი მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ არსებობდა იდეალური დასავლეთი და არცერთ შემთხვევაში ამ იდეალურ დასავლეთს არ შეიძლებოდა ჰქონოდა რაიმე უარყოფითი განზრახვა ჩვენი ქვეყნის მიმართ. დღეს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ იყო მანკიერი გამოვლინებები დასავლელი პარტნიორების ქმედებებში, ამ ყველაფერს ადასტურებენ თვითონ დასავლური ინსტიტუტების წარმომადგენლები, კერძოდ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ, რომ USAID-იდან სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში იმართებოდა არასწორი პროცესები, ეს იყო რადიკალური, რევოლუციური პროცესები. ეს ყველაფერი უკავშირდებოდა საარჩევნო პროცესებში ჩარევას. იმედია, რომ ამას ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი.

 

ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც აუცილებლად ამოქმედდება, კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება, აღსრულდება პრაქტიკაში. ეს არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ვერავინ ვეღარასდროს გარედან ვეღარ გაბედოს და შეძლოს ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევა. საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამისთვის იბრძოდნენ ჩვენი მოქალაქეები 80-იან, 90-იან წლებში და ეს არის ის მიღწევა, რასაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ. დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გარეშე ჩვენი უსაფრთხოება, ბუნებრივია, ვერ იქნება დაცული და, თუ უსაფრთხოება არ იქნება დაცული, არ იქნება არც წინსვლა და განვითარება. ამიტომ, ჩვენ მომავალშიც მაქსიმალურად გავუფრთხილდებით ჩვენს სუვერენიტეტს, როგორც არ უნდა დაუპირისპირდნენ ასეთ პროცესებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. გავიხსენებ შარშანწინდელ გაზაფხულს, შარშანდელ გაზაფხულს, „გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო აგორებულ რევოლუციურ მცდელობას, რა თქმა უნდა, ყველა ასეთ მცდელობას ჩვენ დავუპირისპირდებით იმისათვის, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და შესაბამისად - უსაფრთხოება,“ - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციას, თავისი უსამართლო ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე არ აქვს არაფრის ფასი. მისივე თქმით, დღემდე ხუთი რეზოლუცია დაამტკიცა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტმა და ხუთივე იყო ერთმანეთზე არასერიოზული. კობახიძის განცხადებით, ეს არის მორიგი, მე-6 არასერიოზული პროექტი, რომელიც დაინიცირდა ევროპარლამენტში.

„ამ პროექტს, ისევე, როგორც წინა რეზოლუციებს აქვს აბსოლუტურად არაფრის, ჩალის ფასი ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეზოლუციები არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში. რეალობა არის ის, რომ საქართველოში ქვეყანა იმართება დემოკრატიულად, ოპოზიცია არის თავისი არსით ანტიდემოკრატიული, თუმცა ხედავთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში აისახება ხოლმე მხარდაჭერა რადიკალური ოპოზიციის, რადიკალიზმის და იმ ყველაფრის მიმართ, რასაც დღეს ასე მკაფიოდ აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს არაფრის ფასი, თავისი უსამართლო ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასერიოზულია განცხადებები, რასაც ვისმენთ კონკრეტული ქვეყნების მხრიდან. მისივე თქმით, ესტონეთმა და ლიეტუვამ დააწესეს სანქციები უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ ჩვენს ქვეყანაში, ეს ადასტურებს, რომ ეს ქვეყნები არ იმართება სუვერენულად.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პრინციპული გადაწყვეტილებაა, დარჩეს ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, მრავალწლიანი მეგობრობის გათვალისწინებით.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში