საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო“ კომისიის წევრების ვინაობა დაასახელა.
პაპუაშვილის თქმით, კომისიის წევრები იქნებიან თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია, სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი და ილია ინჯია.
„ცნობად ვიღებთ „ქართული ოცნების“ მომართვას 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციის წევრების თეა წულუკიანის, ალექსანდრე ტაბატაძის, თენგიზ შარმანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის და პაატა სალიას წარდგენის შესახებ, იგივე კომისიაში, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალიდან“ წარდგენილი არიან სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი, ასევე იმავე კომისიაში ევროპელი სოციალისტებიდან წარდგენილი არის ბატონი ილია ინჯია. როგორც იცით, კომისია შედგება ათი წევრისგან. ახლა რვა წევრი არის შევსებული. ორი წევრი ვაკანტურად დატოვებული არის უფრაქციო წევრებისთვის. ამ შემთხვევაში პარტია „საქართველოსთვის“, რომელიც პარლამენტის წევრების მანდატებს ინარჩუნებს, ისინი თუ აქტიურად იმუშავებენ პარლამენტში, მათ შეეძლებათ ამ ვაკანსიის ათვისება, რომელიც კვოტის გადანაწილებით მათი ასათვისებელია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.