დღეიდან ბათუმში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი გულისხმობს არსებული ქვაფენილის ჩანაცვლებას ასფალტის საფარით.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები, გზაგამყოფი ზოლი მწვანე საფარითა და დეკორატიული ნარგავებით, უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები. სამუშაოების გამო მაისის ბოლომდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა რუსთაველის ქუჩაზე - გრიბოედოვისა და თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში.
ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა ნინოშვილის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე. შეიცვალა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის მარშრუტიც.
აღნიშნული სამუშაოების გამო დილიდან საცობებია ჭავჭავაძისა და გორგილაძის ქუჩებზე. ავტომობილთა ჭარბი რაოდენობის გამო მძღოლებს ქალაქში გადაადგილება უჭირთ.
სამუშაოების სრული ღირებულება 22 მილიონამდე ლარს შეადგენს.