3 ივნისიდან ქუთაისსა და ლიონს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. ახალი პირდაპირი მიმართულებით რეისები ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის სენტ ეგზიუპერის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, კვირაში ორი სიხშირით (სამშაბათი, შაბათი) შესრულდება.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, გადაწყვეტილება ამის შესახებ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანიამ, Wizz Air-მა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად მიიღო.
აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ახალი მიმართულება საშუალებას იძლევა, გაზარდოს მოგზაურობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და განამტკიცოს კავშირი საქართველოსა და საფრანგეთს შორის.
"|ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ. ლიონი იქნება საფრანგეთის მეორე ქალაქი, რომელიც, პარიზის შემდეგ, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირდება. ახალი მიმართულება უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას ქუთაისსა და საფრანგეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრს შორის, ასევე, ეს იქნება სასიამოვნო სიახლე ქართველი ქომაგებისთვის, მარტივად შეძლონ დასწრება ლიონის „ოლიმპიკში“ მოთამაშე საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის საკლუბო მატჩებზე და იხილონ ის ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე – ჩემპიონთა ლიგაზე“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ბილეთების შეძენა ლიონის მიმართულებით ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.wizzair.com უკვე შესაძლებელია. ამ ეტაპზე Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 15 ქვეყნის 23 მიმართულებით ასრულებს, აპრილიდან კი ფრენებს კვლავ განაახლებს მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით.