ადვოკატის ინფორმაციით, მზია ამაღლობელთან ხვალ, შესაძლოა, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფი შევიდეს

06 თებერვალი 2025, 13:45 166 ნახვა

კლინიკა „ვივამედში“ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, ხვალ, შესაძლოა, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფი შევიდეს - აღნიშნულის შესახებ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ ჟურნალისტებს კლინიკაში ამაღლობელის მონახულების შემდეგ განუცხადა.

მისივე განცხადებით, მზია ამაღლობელს კლინიკა "ვივამედის" დატოვება სურს, თუმცა ექიმებმა მოითხოვეს, რომ მას დამატებითი კვლევები ჩაუტარდეს.

„მადლობა გადაუხადა იმ ადამიანს, ვინც შიმშილობა შეწყვიტა და ყველას სთხოვა, რომ მის გამო თავგანწირვა არ ღირს. რაც შეეხება „ვივამედში“ დატოვების საკითხს, ბატონ ზურასაც ვესაუბრე და კლინიკამ ითხოვა, კლინიკაში გარკვეული დრო დაეყო, კვლევები ჩატარებულიყო, რაღაც ცვლილებებიც აღმოჩნდა გასტროენტეროლოგიურ კვლევებში. ქალბატონი მზია კვლავ ითხოვს, დაუყოვნებლივ დაბრუნდეს პენიტენციურ დაწესებულებაში და ამბობს, რომ არავისგან არანაირ შეღავათს არ ითხოვს. ხვალ, შესაძლოა, შემოვიდეს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფი და უნდა გაირკვეს, რა სახის კვლევები იქნება საჭირო, დანარჩენი ხვალ გაირკვევა. ქალბატონი მზიას მოთხოვნაა, თუ რამე კვლევაა დარჩენილი, დღეს ჩატარდეს, ხვალ ექიმებიც შევიდნენ და, მაქსიმუმ, ხვალ საღამოს დააბრუნონ პენიტენციურ დაწესებულებაში“, - განაცხადა ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ.

 

 

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში