საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ თებერვალს, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც, მიყენებული დაზიანების შედეგად პირი ადგილზე გარდაიცვალა.
„სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 3 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.