ბოლო პერიოდში, არაერთხელ მოვისმინეთ ზოგიერთი დონორისგან, თითქოს უცხოური დაფინანსების ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იხარჯებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ნებისმიერი გრანტი, რომელიც ბიუჯეტში შედის, ხმარდება მოსახლეობას და არა ხელისუფლებას.
„ბოლო პერიოდში, არაერთხელ მოვისმინეთ ზოგიერთი დონორისგან, თითქოს უცხოური დაფინანსების ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იხარჯებოდა. არ ვურჩევდი რომელიმე დონორს ამ თემაში შესვლას, ორი მიზეზის გამო:
ნებისმიერი გრანტი, რომელიც ბიუჯეტში შედის, ხმარდება მოსახლეობას და არა ხელისუფლებას, და ამავე დონორებისგან განსხვავებით, ამ ხარჯის თითოეული თეთრი საჯაროა, მისი ხარჯვის მიზნობრიობა კი დადასტურებული (შეგახსენებთ, რომ საქართველო მსოფლიოში N1 ქვეყანაა საბიუჯეტო გამჭვირვალობით); მეორე და მთავარი. დიდი საიდუმლო არ არის, რომ დონორებს აქვთ მითითება, მათი ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ისევ წარმომავლობის ქვეყანაში დააბრუნონ. ასე რომ, სადაც რომელიმე დონორი მისი თანხის ხელისუფლებისკენ მიმართვაზე ისაუბრებს, იქვე ისიც თქვას, ამ თანხიდან რამდენი დააბრუნა უკან, მის ქვეყანაში, მისი ხელისუფლების სასარგებლოდ“, - წერს პაპუშვილი.