საპოლიციო ძალების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა წახალისებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არაეფექტიანი გამოძიებით - საია

04 თებერვალი 2025, 17:19 93 ნახვა

დღეს, 4 თებერვალს საქართველოს პარლამენტთან, სადაც მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელისა და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, პოლიცია თავს დაესხა მოქალაქეებს, მათ შორის, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საპოლიციო ძალების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა წახალისებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არაეფექტიანი გამოძიებით.

„დღეს, 4 თებერვალს საქართველოს პარლამენტთან, სადაც მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელისა და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, პოლიცია თავს დაესხა მოქალაქეებს, მათ შორის, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პუბლიკის” ჟურნალისტს, ნათია ლევერაშვილს და ადგილზე მყოფ სხვა ჟურნალისტებს. თავს დაესხნენ ასევე NEWS.On.ge-ს მთავარ რედაქტორს, ვანცენტ ხაბეიშვილს, რომელიც გადაუდებელი კვლევებისთვის კლინიკაში იმყოფება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქციის წარმომადგენლები არ ცდილობდნენ სავალი გზის დაკავებას, არამედ პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდნენ ტროტუარზე, რის შემდეგაც მათ თავს დაესხნენ პოლიციელები, იძალადეს ფიზიკურად და გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს ორი ადამიანი.

აქციების კონტექსტში მედიის წარმომადგენლებს სისტემურად მიზანმიმართულად ესხმიან თავს, ხელს უშლიან პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საპოლიციო ძალებს აქვთ პირდაპირი ინტერესი, არ გაშუქდეს აქციები, ან/და მათი ძალადობრივი დარბევა და სხვა დარღვევები.

მიგვაჩნია, რომ საპოლიციო ძალების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა წახალისებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არაეფექტიანი გამოძიებით და იმ დაუსჯელობის სინდრომით, რომელიც გაბატონებულია საპოლიციო ძალებში“, – აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „პუბლიკის“ ფოტორეპორტიორის, ნათია ლევერაშვილის განცხადებით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან, NEWS.On.ge-ს ინფორმაციით, პოლიცია თავს დაესხა გამოცემის მთავარ რედაქტორს, ვანცენტ ხაბეიშვილს, რომელიც გადაუდებელი კვლევებისთვის კლინიკაში იმყოფება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში