დღეს აშშ-ის ლიდერები საუბრობენ იმ დიდი ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის და „ნედისგან“ მოდიოდა - მამუკა მდინარაძე

03 თებერვალი 2025, 15:12 108 ნახვა

დღეს აშშ-ის ლიდერები, პირველი პირი, ტრამპი საუბრობს იმ დიდი ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის და „ნედის“ მხრიდან მოდიოდა. დღეს ამერიკელი ხალხის სახელით პრეზიდენტი ტრამპი და მისი თანაგუნდელები საუბრობენ, რომ ეს იყო უდიდესი ბოროტება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, USAID-ის და „ნედის“ არაერთი მილიონი ხმარდებოდა საქართველოში ხალხის ნების უგულებელყოფას.

„როდესაც ჩვენ პირველად გამჭვირვალობის კანონზე დავიწყეთ საუბარი და დაინიცირდა უმრავლესობის რიგებიდან, მაშინ, როგორც გარედან, ასევე ჩვენი ოპოზიციის მხრიდან შანტაჟის და ზეწოლის რა მასშტაბი იყო, ყველას ახსოვს, პირველ წელს ვერც კი შევძელით ამის გატანა. ეს არის ფაქტი. ამაზე არგუმენტი იყო, მეგობრები რომ გეხმარებიან, როგორ კადრულობთ ამას, ამიტომ არის რუსული მიდგომაო. დღეს აშშ-ის ლიდერები, პირველი პირი, ტრამპი საუბრობს იმ დიდი ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის და „ნედის“ მხრიდან მოდიოდა. ჩვენ ამერიკულ ფულს ბოროტებას არ ვუწოდებდით. დღეს ამერიკელი ხალხის სახელით პრეზიდენტი ტრამპი და მისი თანაგუნდელები საუბრობენ, რომ ეს იყო უდიდესი ბოროტება. მასკის მიერ გავრცელებულ ვიდეოკოლაჟში ჩანს საქართველოს მოვლენებიც, რაც პირდაპირი მტკიცებულებაა. ჩვენ რაც არ გვილაპარაკია, ისიც კი აშშ-დან წამოვიდა. USAID-ის და „ნედის“ არაერთი მილიონი ხმარდებოდა ამ ქვეყანაში ხალხის ნების უგულებელყოფას და გარედან დალაგებული რევოლუციის უზრუნველყოფას. დღეს ალბათ კიდევ მეტად შეგვიძლია, დავაფასოთ ერთმანეთის ღვაწლი საკუთარი სამშობლოს წინაშე, თურმე, როგორ მაგრად დამდგარა საქართველო და შესაბამისად მისი არჩეული ხელისუფლება, რისთვის გაგვიძლია, რა გადაგვიტანია“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა მოახერხა, რომ აღნიშნული მოვლენები თავიდან აეცილებინა.

„ახლა შეფასებაც და დაფასებაც უფრო ადვილია, მაგრამ საქართველოში კვლავ რჩება 400-კაციანი კარგად დატრენინგებული აგენტურა, რომელიც ამ აქციების ძირითადი ბირთვია, რომელიც ოთხ მილიონ ადამიანს მკაცრად ულახავს საკუთარ უფლებებს. ოთხი მილიონი ადამიანის იძულებას ახდენს მდაბიო, უკვე ნანახი ფეიკკამპანიებით, რომ მოაქციოს ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. საბედნიეროდ, ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გვაქვს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რაც ბოლო ათწლეულების ისტორიაში საქართველოს არასდროს ჰქონია. ეს ჩვენი, ქართველი ხალხის და მისი სიბრძნის დამსახურებაა. ისინი გაერკვნენ და წამოგვყვნენ ამ სწორ პოლიტიკაში, კვლავ აგვირჩიეს. სხვა შემთხვევაში, ტრამპი, მასკი და სხვები ილაპარაკებდნენ წარსულზე, როგორ მოახერხა „დიფ სთეითმა“, იმ ბოროტებამ, რომელიც მათი მხრიდან დაფინანსებული ფულით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი საქართველოში, რევოლუციის მოხდენა, როგორ ჩაერთო საქართველო იმ მომაკვდინებელ ომში, რომელმაც საქართველო უკვე პრაქტიკულად გაანადგურა. საბედნიეროდ, ეს ფაქტი არ მოხდა, რადგან ჩვენ ამას წინ აღვუდექით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით საქართველოსთან მიმართებაში „დიფ სთეითის“ შესუსტების ნიშნები არ ჩანს.

„რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საუბედუროდ, ჯერჯერობით არ ჩანს ნიშნები, ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთან მიმართებაში, „დიფ სთეითის“ შესუსტების და დამარცხების. განცხადებების დონეზე კი ბატონო, მაგრამ „დიფ სთეითის“ შესუსტების ნიშნები არ ჩანს, რადგან კვლავ არის აქტიური მცდელობა, ჩამოიშალოს სახელმწიფო ინსტიტუტები და სისტემა საქართველოში, რათა ვიღაცამ იქით დაამუნათოს საკუთარი ხალხის ხელისუფლება, ქართველი ხალხი თუ ა.შ. თუ როგორ შეიცვალა საქართველოში ხელისუფლება და როგორ ჩაერთო რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველო. ამის აქტიური მცდელობები რადგან კვლავ არის სახეზე, ეს იმას ნიშნავს, რომ „დიფ სთეითი“ თავისი სრული სიძლიერით კვლავ ახორციელებს მართვას საკუთარი აგენტურისა საქართველოში, მათ უკან ნაბიჯი არ გადაუდგამთ. კვლავ იგივე ძალებით მიმდინარეობს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ იმ ქვეყნის ხელმძღვანელობა, ლიდერები განცხადებებით აშკარად და ღიად უპირისპირდებიან, თუმცა მათი მოქმედებები კვლავ ძალაშია“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული ხელისუფლების განცხადებები განსხვავდება საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედებებისგან.

„ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში.

თუ ამ ქვეყანაში, ერთი ადამიანი არის, რომელიც ფიქრობს, რომ ქუჩის აქციები, ის პიარკამპანიები, მავნებლობები, რაც წარმოებს აგენტურული ოპოზიციის მიერ, ამ აგენტურის პატრონების, ან საქართველოში აშშ-ის საელჩოსგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად და დისტანცირებით ხდება, მას წარმოდგენა არ აქვს იმაზე, თუ რა ხდება დღეს საქართველოში. არც გლობალურად და არც ვიწრო თემებთან მიმართებით. სამწუხაროა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული ხელისუფლების განცხადებები, ნარატივები ერთია და მისი ქვედა რგოლების, მათ შორის საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედება აბსოლუტურად აცდენილია იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ. იმედია, ეს ძალიან მალე გასწორდება"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში