სახალხო დამცველის აპარატი მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

31 იანვარი 2025, 14:50 112 ნახვა

დღეს, 31 იანვარს სახალხო დამცველის წარმომადგენლები N5 პენიტენციურ დაწესებულებაში, მოშიმშილე ჟურნალისტ მზია ამაღლობელს შეხვდნენ. იგი  მოინახულა ასევე ექიმმა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით,  ექიმი გაესაუბრა მზია ამაღლობელს, გაეცნო მის სამედიცინო დოკუმენტაციას და გაესაუბრა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფრომაციით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ასევე აღინიშნავს, რომ მას დაკავებამდე ჰქონდა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის ფონზე არსებობს მისი გართულების რისკი. მზია ამაღლობელს უტარდება სამედიცინო კვლევები და იმყოფება ინტენსიური  სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. 

"სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო მიმდინარე კვირაში ჩატარებული უახლესი გამოკვლევების შედეგები, რაც დღეს (გუშინ მიწოდებული მასალების შემდეგ, დამატებით) უკვე მიეწოდა ადვოკატს. 

სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება კონსილიუმის შექმნასთან დაკავშირებულ კითხვებს და განმარტავენ, რომ არც თავად მზია ამაღლობელს, არც მის ოჯახს  და არც მის კანონიერ წარმომადგენლებს, მსგავსი მოთხოვნა არ დაუყენებიათ. სახალხო დამცველი განიხილავს, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, დამატებითი სპეციალისტების მოწვევის საკითხს, ასეთის  აუცილებლობის გამოვლენის შემთხვევაში- წერია განცხადებაში.  

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე, მზია ამაღლობელისთვის პენიტენციური სამსახურის მხრიდან სამედიცინო სერვისების მიწოდების საკითხზე სახალხო დამცველი აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს აპარატში დასაქმებული ექიმის დახმარებით, ისევე, როგორც სხვადასხვა დროს არაერთი სხვა მოშიმშილე პატიმრის შიმშილობისა თუ სხვა ჯანმრთელობის პრობლემების მართვის მონიტორინგის პროცესში.

"ამავდროულად, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი, არ ერთვებოდა და არ ერთვება პატიმრების მკურნალობის პროცესში. ჩვენი მანდატი პატიმრისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე მონიტორინგია, რაც ბრალდებულების და მსჯავრდებულების ჯანდაცვის უფლებას უკავშირდება. 

სახალხო დამცველი საჯაროდაც აცხადებს, რომ თუ იმ სამედიცინო მასალების საფუძველზე, რასაც სახალხო დამცველის აპარატი გადასცემს ხოლმე დაცვის მხარეს, მათგან იქნება დაყენებული დამატებითი კვლევებისა თუ სხვაგვარი სამედიცინო მომსახურების საჭიროების საკითხი, სახალხო დამცველის აპარატი მოახდენს დამატებით რეაგირებას კომპეტენციის ფარგლებში", - წერია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახალხო დამცველის აპარატი ინტენსიურად გააგრძელებს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მზია ამაღლობელისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების დოკუმენტების გამოთხოვას და პერიოდულად მოინახულებს მოშიმშილე ჟურნალისტს, შედეგების შესახებ კი, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის დაცვის ფარგლებში, ვაცნობებთ საზოგადოებას, - აღნიშნულია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში