ჩვენ ვამტკიცებდით 3 წლის განმავლობაში იმას, რასაც დღეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია - გაწირეს ჩვენი მეგობარი უკრაინა და რისთვის, ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი - პრემიერი

31 იანვარი 2025, 13:06 94 ნახვა

რასაც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი-ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენს განცხადებებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ გადაარჩინა ქვეყანა იმ ტრაგედიას, რაც ახლა უკრაინაში ტრიალებს.


„არ ვიცი, რამდენად შეძლებს, საბოლოო ჯამში, ახალი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ სრულად დამარცხებას, მაგრამ რაც დღეს ხდება, უკვე ამისთვის ტრამპის ადმინისტრაციას მადლობა უნდა გადავუხადოთ. რეალურად, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი-ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება. მათ შორის, ეს ეხება უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენს განცხადებებს და ახლა უკვე ახალი ადმინისტრაციის განცხადებებს. გახსოვთ, ჩვენ ვამტკიცებდით 3 წლის განმავლობაში იმას, რასაც დღეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია - რეალურად, გაწირეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა და რისთვის, ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი. ყოველგვარი შედეგის გარეშე.

 

შედეგი არის ერთადერთი - ეს არის განადგურებული უკრაინა, ტერიტორიების 20% დაკარგული, ელექტროენერგიის გენერაციის ნახევარზე მეტი დაკარგული, აღარაფერს ვამბობ მთავარ ტრაგიკულ მოვლენაზე, 100 000-ობით დაღუპულ უკრაინელზე. რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი, ამაზე არავის აქვს პასუხი, თუმცა, რა თქმა უნდა, პასუხი არსებობს. იყო რაღაც გლობალური ინტერესები, უმახინჯესი, მანკიერი ინტერესები, რასაც შეეწირა ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა და როგორც ბატონმა რუბიომ განაცხადა, დაახლოებით 100 წელიწადი, მთელი საუკუნე დასჭირდება იმას, რომ უკრაინა დაუბრუნდეს მდგომარეობას, რომელშიც ის იყო 2014 წლამდე. ეს იყო ტრაგიკული მოვლენა და ჩვენ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინეთ ამ ტრაგიკულ მოვლენას. დღესაც იგივე ვითარება იქნებოდა, 3 წლის წინ ჩვენთან მოდიოდნენ ზუსტად ამ ტექსტებით, რომ უკრაინა იგებს ომს და თქვენ ეს შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდანო. ამას გვეუბნებოდნენ დახურულ კარს მიღმა, როცა მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ. ჩვენ გვქონდა თავშეკავებული პოზიცია და დღეს, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ასევე ბატონი რუბიოს განცხადებებიც ადასტურებს, რომ ჩვენი მიდგომა იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არავის უნდა იმის გასაჯაროება, რომ აშშ-ის ყოფილი ხელისუფლება აფინანსებდა საქართველოში რევოლუციურ პროცესებს და არეულობას.

„არავის მოუნდება ისეთი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, როგორიც იყო კანვასის ტრენინგი. გახსოვთ, მაშინ განსაკუთრებით შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს უტარებდნენ ტრენინგებს USAID-ის დაფინანსებით, კონკრეტულად რევოლუციურ პროცესებთან დაკავშირებით, როგორ უნდა მიეყენებინათ ბულდოზერი სამთავრობო შენობებზე, ასეთ დეტალებზე იყო იქ საუბარი. რა თქმა უნდა, არავის უნდა ასეთი დეტალების გასაჯაროება, არავის არ უნდა იმის გასაჯაროება, რომ აშშ-ის ყოფილი ხელისუფლება აფინანსებდა ჩვენს ქვეყანაში რევოლუციურ პროცესებს და არეულობას. რეალურად იყო რევოლუციის ოთხი მცდელობა ამ ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ „დიფ სთეითი“ საბოლოოდ დამარცხდება აშშ-ში და ასეთ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე შეიცვლება მიდგომა საქართველოს მიმართ. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ ძალიან გვინდა მჭიდრო თანამშრომლობა ახალ ადმინისტრაციასთან, უფრო მეტიც, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული კონკრეტული შედეგები, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისთვის, ამისათვის ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში