თუ დასრულდება ის უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში, რასაც ვხედავთ, ჩვენ განვაახლებთ ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ამ ეტაპზე ამის ვერავითარ აზრს ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეალურად, ევროპულ ბიუროკრატიაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა.
„არაფერს არ აქვს ფასი, არც სიმართლეს და არაფერს. ხედავთ, რამდენად აბსურდული ჩანაწერები შეიტანეს მათ იმ რეზოლუციაში, რომელიც დამტკიცდა დაახლოებით 140 ხმით. აქედან გამომდინარე, ასეთი უსამართლობის პირობებში, ასეთი პრობლემების პირობებში, ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზრი აქვს დაკარგული და აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ უალტერნატივო გადაწყვეტილება მუშაობის შეწყვეტის თაობაზე. თუ დასრულდება ის უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში რასაც ვხედავთ, ბუნებრივია, ჩვენ განვაახლებთ ჩვენს მუშაობას, თუმცა ამ ეტაპზე ამის ვერავითარ აზრს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის განცხადებით, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ჩვენ ზოგადად ასამბლეის საქმიანობაში და კონკრეტულად მის რეზოლუციებში.
მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის ეს უკრაინელი დეპუტატი, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ.
“რეალურად, ეს იყო კოლექტიური გონჩარენკოების გადაწყვეტილება. ზოგადად, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა ის, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის ეს უკრაინელი დეპუტატი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტის გახსნისკენ. თქვენ გახსოვთ მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა განგვეხორციელებინა სამხედრო შეტევა სოხუმზე და ცხინვალზე. ის პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ, ამას ვერ მიაღწია და ახლა ცდილობს, რომ რაიმენაირად ამის გამო „დაგვსაჯოს“. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არ არის გონჩარენკოს და გონჩარენკოების დასასჯელი. როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ჩვენ ზოგადად ასამბლეის საქმიანობაში და ასევე, კონკრეტულად მის რეზოლუციებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.