სიცრუეა, თითქოს მოზარდი რიყის პარკში მდებარე ღია თხრილში ჩავარდა, ტრაგედია კერძო ტერიტორიაზე დატრიალდა - თბილისის მერია

29 იანვარი 2025, 16:40 278 ნახვა

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოზარდი არა რიყის პარკში, თხრილში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა, არამედ შემთხვევა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში მოხდა - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, 16 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რიყის პარკში მდებარე ღია თხრილში ჩავარდა.

გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება. სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში.

სამწუხაროა, რომ მედია მსგავს ტრაგედიას იყენებს უწყების დისკრედიტაციისთვის. უბედური შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.

თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს", - ნათქვამია განცხადებაში.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში