2 თვიანი პატიმრობის შემდეგ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 3 სტუდენტი თავისუფალია. მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მათ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
რაც შეეხება კიდევ ერთ სტუდენტს ანრი კაკაბაძეს, მოსამართლემ იგი პატიმრობაში დატოვა და განმარტა, რომ კაკაბაძე ანალოგიურ დანაშაულზე ბრალდებულია, მას გირაო აქვს შეფარდებული და არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანის მამუკა ჯორბენაძის, დავით გვიანიძის, გურამ მიქელაძის და გიორგი დავითაძის მიმართ, მოსამართლემ იხელმძღვანელა დაზარალებულების ირაკლი დევაძისა და ირაკლი ნაკაშიძის მიმართვით 5 ვე პირის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც დაცვის მხარემ წარმოადგინა სხდომაზე.
დაზარალებულებთან შერიგების სურვილი გამოთქვეს თავად ბრალდებულებმაც. 4 პირის მიმართ გირაოს გამოყენებას დათანხმდა პროკურორიც.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდნენ ბრალდებულების ახლობლები, თუმცა კაკაბაძის შემთხვევაში მიაჩნიათ რომ სასამართლო იყო არაობიექტური. საქმის არსებითად განხილვის პირველი სხდომა 11 თებერვლის 15 საათზე ჩაინიშნა.
დეკანს და კიდევ 4 სტუდენტს ჯგუფური ძალადობის მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი. ინციდენტი ამავე უნივერსიტეტის ლექტორის მეუღლის ირაკლი დევაძის, მის თანმხლებ პირსა და ბრალდებულებებს შორის ხელოვნების უნივერსიტეტში გასული წლის 3 დეკემბერს მოხდა.