ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება პირველ რიგში შეეხებათ ქართველ დიპლომატებსა და მაღალი რანგის თანამდებობის პირებს. მათ მოუწევთ ვიზის აღება ევროკავშირში მგზავრობისთვის, - ამის შესახებ საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.
"ფუნდამენტური უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები ევროკავშირთან ინტეგრაციის ძირითადი პრინციპებია. იმ ქვეყნის ოფიციალური პირები, რომლებიც ამ ღირებულებებს ფეხქვეშ თელავენ, არ უნდა ისარგებლონ ევროკავშირში გამარტივებული შესვლით“, - განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა, ტომაშ სიემონიაკმა.
„გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს მიერ გასულ წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ საკანონმდებლო პაკეტის მიღების საპასუხოდ. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს კანონმდებლობა ძირს უთხრის ქართველი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლებას და ზრდის სტიგმატიზაციასა და დისკრიმინაციას. საქართველოს მოქმედებები არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელთა საფუძველზეც დაიდო გამარტივების შეთანხმება და ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ინტერესებს. ეს ასევე არის რეაგირება ქართული ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ 2028 წლამდე აღარ განაგრძობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების პროცესს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ჩვეულებრივ პასპორტებს, კვლავ ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ექნებათ უფლება, ინდივიდუალურად დააწესონ სავიზო მოთხოვნები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის.