იმედი გვაქვს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები არ აჰყვებიან ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფებისგან მათი იარაღად გამოყენების მცდელობებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომლითაც გამოეხმაურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისთვის მანდატების შეჩერების საკითხზე ოპოზიციის მიმართვას.
მისივე თქმით, თუ რაიმე ასეთი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს ეს პოლიტიკური დაჯგუფება, ეს ძირს გამოუთხრის მას, როგორც დიალოგის პლატფორმას.
„დიდი ხანია ჩვენი ოპოზიცია შადიმანებადაა ქცეული, ვინც საკუთარ ხალხს უპირისპირდება პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. რაც მთავარია, ყველაზე პრობლემური ისაა, რომ ეს არ არის მათი პოლიტიკური მიზნები, ეს არის მათი გარე ხელმძღვანელების პოლიტიკური მიზნები, რომელსაც მათ უსახავენ და ჩვეულებრივი მარიონეტები არიან. ამიტომ ეს წერილებიც იწერება არა მათ ოთახებში, არამედ მოსდით მითითება და ამ წერილებს აბრუნებენ, თითქოსდა, პარტიული პოზიციის გამოსახატად. ასევე, რასაც ჩვენ ვხედავთ, სამწუხარო ტენდენციაა, რომ საერთაშორისო ფორმატების პარტიული მიზნებისთვის გამოყენება ხდება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვხედავთ, რომ რისკია, საპარლამენტო ასამბლეა, როგორც დიალოგის ფორმატი, აქციონ პარტიული იარაღის ინსტრუმენტად. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ევროპის სახალხო პარტია, რომელიც საქართველოში იმ რეჟიმის მხარდამჭერია, რომელმაც წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის დახურვა მოიტანა.
გახსოვთ სააკაშვილისთვის შენახული ცარიელი სკამი ევროპის სახალხო პარტიის კონფერენციაზე. რა თქმა უნდა, სამარცხვინო ქმედება იყო. ვხედავთ ამ მცდელობებს. იმედი გვაქვს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები არ აჰყვებიან ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფებისგან მათი იარაღად გამოყენების მცდელობებს. ვნახოთ, თუ რაიმე ასეთი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს ეს პოლიტიკური დაჯგუფება, უპირველეს ყოვლისა ეს დააზიანებს თავად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ძირს გამოუთხრის მას, როგორც დიალოგის პლატფორმას და კიდევ ერთხელ დაანახებს ყველა წევრსა და ყველა მის მონაწილეს, რომ ის ჩვეულებრივად პარტიულ ინსტრუმენტად და იარაღად შეიძლება აქციოს ამა თუ იმ პოლიტიკურმა დაჯგუფებამ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილს ჰკითხეს, რას უპასუხებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებას, რომელმაც ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ აღნიშნა, რომ საქართველოს დიპლომატებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერეს.
„რა უნდათ ვთქვათ, ყველგან ბრიუსელი - არსად ევროპა. ასე შეიძლება შეფასდეს განცხადებები სამწუხაროა, რომ ევროპულ ღირებულებებს სცილდებიან ბრიუსელელი ჩინოვნიკები. ჩვენ ვნახეთ წინასაარჩევნო კამპანიაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ხელისუფლებების პირდაპირი ჩართულობა. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ევროკავშირის პოსტსაბჭოთა წევრები. პირდაპირ მონაწილეობდნენ ჩვენს არჩევნებში. ეს დღისით, მზისით ხდებოდა, დაუფარავად, უხეშად. ქართველმა ხალხმა მათ ყველას უთხრა უარი იმაზე, რომ მათი მითითებით აერჩია საკუთარი პოლიტიკური ხელმძღვანელობა.
ეს არის უვიზოს შეჩერება ქართველი ხალხის დასჯის მცდელობა იმ ჯგუფების მხრიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ ქართულ არჩევნებში უკანონოდ და საერთაშორისო სამართლის დარღვევით და დამარცხდნენ ამ არჩევნებში. ჩვენ ვნახეთ მათ შორის ქალბატონი იუკნევიჩიანეს განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ ევროკავშირის მხრიდან გარკვეული რეაქციები პირდაპირ გამოწვეულია ქართველი ამომრჩევლის მიერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით. ესტონეთის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები პირდაპირ მიტინგზე იდგნენ საქართველოში იმისთვის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მხარი არ დაეჭირათ. ეს მინისტრები იქ [მინისტრების შეხვედრაზე] ოთახში რომ დასხდებიან და ეცდებიან ყველანაირად დააზიანონ ქართველი ხალხი, რომელმაც მათ საკადრისი პასუხი გასცა, ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება იმას, რომ დიპლომატების დასჯა ხდება, ომის დროსაც კი ხელშეუხებლები არიან დიპლომატები. როცა ზოგიერთი ევროპელის მხრიდან გვესმის ასეთი განმარტებები და შეფასებები, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დაცილებულია ზოგიერთი ევროპულ ღირებულებებს. ევროკავშირის პასპორტის ჯიბეში ქონა არ ნიშნავს ევროპული ღირებულებების ერთგულებას და სამწუხაროდ, ბევრ მაგალითს ვხედავთ ბოლო პერიოდში, როდესაც პასპორტის მიღმა არანაირი ევროპული ღირებულება აღარ ჩანს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.