სტადიონის ლოკაცია იქნება ქალაქის გარეუბანი, შერჩეულია 2 ძირითადი ლოკაცია, დაველოდებით ჰოლანდიური კომპანიის რჩევას - პრემიერი

23 იანვარი 2025, 13:59 221 ნახვა

ახალი სტადიონის მშენებლობა ხელს შეუწყობს საკლუბო ფეხბურთში, ასევე რაგბიში ინვესტიციების მოზიდვას. ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

პრემიერის თქმით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა, სადაც განიხილეს სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

„დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა, სადაც განვიხილეთ სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ვიმსჯელეთ სტადიონებთან დაკავშირებულ თემებზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს დაანონსებული თბილისში ახალი მასშტაბური სტადიონის მშენებლობა, რომელიც დაიტევს 70 000 მაყურებელს. ამას აქვს თავისი საფუძველი. პირველ რიგში, არის მაღალი მოთხოვნა საგანგებო მნიშვნელობის მქონე მატჩებზე. მოქმედი ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონი იტევს მხოლოდ 54 000 მაყურებელს. მოთხოვნა არის მეტი, როცა საქმე ეხება საფეხბურთო ნაკრების მატჩებს. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით მიზანშეწონილია ახალი, უფრო მასშტაბური სტადიონის არსებობა ჩვენს დედაქალაქში. გარდა ამისა, ეს იქნება საიმიჯო პროექტი, რომელიც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. ეს იქნება რეზონანსული პროექტი. ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანა გახლავთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა ახალ სტადიონზე. ესეც იქნება საიმიჯო კუთხით მნიშვნელოვანი მოვლენა. სტადიონი განკუთვნილი იქნება როგორც საფეხბურთო მატჩებისთვის ისე სარაგბო მატჩებისთვის. აქ იქნება უზრუნველყოფილი ახალი საკონცერტო ინფრასტრუქტურა.

 

ამ კუთხითაც მოქმედი ინფრასტრუქტურა არის პრობლემური. ახალ სტადიონზე გვექნება შესაძლებლობა, რომ უმაღლესი დონის კონცერტებს ვუმასპინძლოთ ჩვენს დედაქალაქში. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა ტურისტული თვალსაზრისითაც გაიზრდება ამ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის შედეგად. ეს იქნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა და გარდა სასპორტო და საკონცერტო დატვირთვისა, აქ იქნება უზრუნველყოფილი საკონვენციო ცენტრის არსებობა. დღეს არ აქვს ქვეყანას ე.წ. საგამოფენო საკონვენციო ცენტრი, სადაც ასეთი ტიპის მაღალი რანგის ღონისძიებებს შეიძლება უმასპინძლოს ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა დედაქალაქმა. საკონვენციო ცენტრის ფუნქციასაც შეითავსებს ახალი სტადიონი. ახალი სტადიონის მშენებლობა ხელს შეუწყობს საკლუბო ფეხბურთში, ასევე რაგბიში ინვესტიციების მოზიდვას. ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, სტადიონის მშენებლობისთვის ამ ეტაპზე შერჩეულია 2 ძირითადი ლოკაცია, ორივე არის ოპტიმალური და ამ ორიდან ალბათ ერთ-ერთზე შევჯერდებით, დაველოდებით ჰოლანდიური კომპანიის რჩევას ამასთან დაკავშირებით.

„დღეს გვქონდა საუბარი ლოკაციაზე და სხვადასხვა ალტერნატიული ლოკაცია განვიხილეთ. ჩვენ არ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, დაველოდებით ჰოლანდიურ კომპანიას, მათი რჩევა იქნება მნიშვნელოვანი, ბუნებრივია, ლოკაციის შერჩევის პროცესშიც. ერთ-ერთი მისია ამ კომპანიის იქნება ის, რომ უნდა დაგვეხმაროს ლოკაციის შერჩევაში. ყველა შემთხვევაში, ეს იქნება ქალაქის გარეუბანი. ეს არის თანამედროვე სტანდარტი იმისათვის, რომ ლოჯისტიკურად იყოს ადვილად მისასვლელი შესაბამის ლოკაციამდე. ამ ეტაპზე შერჩეულია 2 ძირითადი ლოკაცია, ორივე არის ოპტიმალური და ამ ორიდან ალბათ ერთ-ერთზე შევჯერდებით. დაველოდებით ჰოლანდიური კომპანიის რჩევას ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე განცხადებით, რეგიონებში, 40-ზე მეტ ლოკაციაზეა დაგეგმილია სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

პრემიერის თქმით, არის ინტერესი, აშენდეს ახალი სტადიონები და მოხდეს არსებული სტადიონების რეაბილიტაცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი