დარწმუნებული ვარ, ეს წელი იქნება წარმატებული როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, გვაქვს 4-წლიანი პროგრამა, რომლის შესრულებაც იწყება - პრემიერი

20 იანვარი 2025, 11:22 82 ნახვა

გვაქვს 4-წლიანი გეგმა, პროგრამა, რომლის შესრულებაც იწყება წლევანდელ წელს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ პროგრამის თითოეული პუნქტი პირნათლად შესრულდეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, მიმდინარე წელი იქნება წარმატებული როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის.

„წელს იმართება საქართველოს მთავრობის პირველი სხდომა, მინდა ყველას გისურვოთ წარმატებები 2025 წელს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი იქნება წარმატებული როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ამისათვის ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ჩვენ გვაქვს 4-წლიანი გეგმა, პროგრამა, რომლის შესრულებაც იწყება წლევანდელ წელს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ პროგრამის თითოეული პუნქტი პირნათლად შესრულდეს. განსაკუთრებულად მინდა მივესალმო ბატონ შალვა გოგოლაძეს, რომელიც მინისტრის რანგში პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას და მინდა მას წარმატებები ვუსურვო მინისტრის პოზიციაზე. სპორტის წარმატება არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და დარწმუნებული“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ უნდა ჩავარდეს.

„დაანონსებული გვაქვს აეროპორტის პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ინტენსიური მუშაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ ამ პროექტის პირველი ფაზა და შემდეგ უკვე სრულად დავასრულოთ აეროპორტის პროექტის განხორციელება. გვაქვს სტადიონის პროექტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ გავაცდინოთ იმისთვის, რომ დროულად შევძლოთ სტადიონის დასრულება და ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა, რაც არის ჩვენს მიერ გაცხადებული ამბიციური მიზანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანაში უნდა დასრულდეს რადიკალიზმი და ლიბერალური ფაშიზმი.

„შიდა პოლიტიკური კუთხით 2025 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გადამწყვეტი დარტყმა უნდა მივაყენოთ რადიკალებს ჩვენს ქვეყანაში. რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს ლიბერალური ფაშიზმი. ეს არის უპირობოდ მნიშვნელოვანი, რათა ქვეყანამ განაგრძოს შეუფერხებელი განვითარება და მიაღწიოს ყველა იმ ეროვნულ მიზანს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს დასახული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი