მიმდინარე ვიზიტისას, თქვენი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრაცაა დაგეგმილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასდოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა.
მანვე მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურს COP29-ის კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი აფასებს საქართველოს წვლილს გლობალური მასშტაბის კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში.
„გასული წლის განმავლობაში ორჯერ იმყოფებოდით აზერბაიჯანში. თქვენთან როგორც მარტში, ასევე ნოემბერში COP29-ის ფარგლებში შეხვედრები ძალიან კარგად მახსენდება. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაგიხდით აქტიური მონაწილეობისთვის COP29-ის ფარგლებში. ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს წვლილს გლობალური მასშტაბის კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში. დღეს ჩვენ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 საიუბილეო სხდომას ვატარებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მსჯელობები მიღებული გადაწყვეტილებები და ოქმები, ასევე ორმხრივი დოკუმენტები ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას,“- განაცხადა ალი ასადოვმა.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს საელჩოს ახალი შენობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დათვალიერება.
„აღნიშნული მიწის ნაკვეთი გამოყოფილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დავალებითა და მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით. ის ბაქოს ცენტრში, ქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილზე მდებარეობს,“- აღნიშნა აზერბაიჯანის პრემიერმა.
აზერბაიჯანის პრემიერის თქმით, გასული დროის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა.
„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გასული დროის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. ეს თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს და გააჩნია ფართო იურიდიული ბაზა, აქ შედის 140-მდე დოკუმენტი.
ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური პოლიტიკური დიალოგი არსებობს. საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ერთმანეთს ყოველთვის მხარს ვუჭერთ. ჩვენ რთულ პერიოდებში ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვართ. აღნიშნული ტრადიცია დღესაც გრძელდება. ტერიტორიული მთლიანობის თემაზე ურთიერთმხარდაჭერა განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო. ჩვენი ეკონომიკური სავაჭრო თანამშრომლობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. მართალია, გასულ წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ცოტათი შემცირებულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროებით ხასიათს ატარებს. ეკონომიკური პოტენციალის მთლიანად რეალიზაციისთვის საჭირო ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში იქნება“, – აღნიშნა ალი ასადოვმა.
ალი ასადოვის თქმით, ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას ძალიან კარგი დინამიკა აქვს, აზერბაიჯანელი ინვესტორები დაინტერესებულნი არიან საქართველოს ეკონომიკაში მეტი ინვესტიციის ჩადებით.
„SOCAR-ი საქართველოში თავის საქმიანობას წარმატებით ახორციელებს. კომპანია ყოველთვის საქართველოს ეკონომიკაში უდიდეს ინვესტიციას დებს და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი გადამხდელია. ასევე, SOCAR-ი საქართველოში პერიოდულად სოციალურ პროექტებსაც ახორციელებს და ამ მიმართულებითაც გააგრძელებს თავის საქმიანობას.
ამავდროულად, აზერბაიჯანის ინვესტორების საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი საკითხების მოგვარებაზე საქართველოს მთავრობის იმედი გვაქვს. აღნიშნული საკითხების დადებითად მოგვარება ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას უფრო გააძლიერებს და გააფართოებს, რადგან აზერბაიჯანელი ინვესტორები დაინტერესებულნი არიან საქართველოს ეკონომიკაში უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებით. ჩვენც, თავის მხრივ, საქართველოს კომპანიების აზერბაიჯანულ ბაზარზე საქმიანობის უზრუნველყოფისთვის საჭირო პირობებს ვქმნით. აზერბაიჯანში აქტიურად მოქმედი 650-ზე მეტი ქართული კაპიტალის მქონე კომპანია არსებობს. აზერბაიჯანის მთავრობა ამის შემდეგაც ქართული კომპანიების ჩვენს ქვეყანაში საქმიანობისთვის საჭირო პირობებს შექმნის“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა.
ალი ასადოვის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულად ამუშავებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, აზერბაიჯანის დამატებითი ინვესტიციისა და საქართველოს მხრიდან გაწეული ძალისხმევის შედეგად, ტვირთის გადაზიდვის უნარი მილიონიდან 5 მლნ ტონამდეა გაზრდილი.
მისივე თქმით, ეს რკინიგზა შუა დერეფნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.