ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა

17 იანვარი 2025, 11:40 102 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ალი ასადოვმა ირაკლი კობახიძეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევა მიულოცა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ალი ასადოვმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებმა ქართველი ხალხის ნება კიდევ ერთხელ აჩვენა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებულ ძირითად მიმართულებებსა და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, ხელი შეუწყოს სამმხრივ დიალოგს და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში